Quantcast
Channel: Molly Bloom's Day™
Viewing all articles
Browse latest Browse all 304

ოსტენდელი მეოცნებე

$
0
0

ერიკ-ემანუელ შმიტი. "ოსტენდელი მეოცნებე". გამომცემლობა "პალიტრა L". თბილისი, 2013გუშინწინ მეგობარმა ერიკ-ემანუელ შმიტის “ოსტენდელი მეოცნებე” მისახსოვრა. კაფეში ვისხედით, პიტნის ჩაის სურნელს ვისუნთქავდით და, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ახალნაყიდ წიგნებს ვათვალიერებინებდით ერთმანეთს. არ წამიკითხავს და მაინტერესებს-მეთქი, ვთქვი და ჩემკენ გამოაჩოჩა მაშინვე, გქონდესო. თავპატიჟი არ გამომიდვია – ასეთ ამბებში მოკრძალებით არ გამოვირჩევი.

კითხვა რომ დავიწყე, ვიფიქრე, ცოტა არ იყოს, ნაფტალინის სუნი ასდის-მეთქი. რაღაცნაირად ძველმოდური და ჩრჩილშეპარული მომეჩვენა, თითქოს ბებიის სკივრიდან ძველი, მაქმანებიანი კაბა ამოვიღე გასამზეურებლად.

კარგა ხანს გამყვა ეს შეგრძნება. პირველ ნოველაში მაინც ყველაფერი მეტისმეტად ჰგავდა ზღაპარს – იდუმალი პრინცი, ხეიბარი გოგონა, სამახსოვროდ დარჩენილი თეთრი ხელთათმანი… ფინალიც თითქო ისეთი უნდა ყოფილიყო, თხრობის დასაწყისიდან თუ არა, შუაში მაინც აუცილებლად რომ მიხვდება მკითხველი, მაგრამ…

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ისეთი თავბრუდამხვევი ფინტი ჩამიტარა ავტორმა, კარგა ხანს ვიჯექი პირდაფჩენილი, როგორც მზის წნულში დარტყმის შემდეგ ემართებათ ხოლმე, და სულის მოთქმას ვცდილობდი. ავდექი კიდეც, გავიარ-გამოვიარე და მეორე მოთხრობა უკვე მეტი სიფრთხილით და მოლოდინით გადავფურცლე.

არა, ხომ დადარაჯებული ვიყავი, მაგრამ მაინც დამაბნია ამ კაცმა. აი, ახლა რას იზამს, ამ ბანალური მკვლელობის ამბავს საით შეატრიალებს და რანაირად დამამახსოვრებს, ვნახოთ-მეთქი და… მოახერხა. თან ისე, რომ გულიც ამიჩუყა პატარა ბავშვივით.

მესამეს შორიდან მივეპარე, ნაბულზე შემდგარი მწევარივით. მძიმედ დასახიჩრებული პაციენტისა და უფერული მედდის ამბავში უჩვეულო ვერაფერი დავინახე, მაგრამ ჭკუა უკვე ნასწავლი მქონდა და ბატონ ერიკ-ემანუელს თავი აღარ გავაბრიყვებინე – პროგნოზის გაკეთება აღარ მიცდია, უბრალოდ, ვკითხულობდი და ვგრძნობდი, რომ კარგად ვგრძნობდი თავს, კარგად და ნაღვლიანად.

იმ საღამოსვე ჩავიკითხე დანარჩენებიც. სამაგიდო წიგნად მექცა და ყოველ შაბათს გადაკითხვას ვაპირებ-მეთქი – არც ასეა საქმე, მაგრამ მეგობარს კი დავურეკე და კიდევ ერთხელ ვუთხარი მადლობა. გაიცინა, ვიცოდი, რომ მოგეწონებოდაო. გულის სიღრმეში უიმედო რომანტიკოსი ბრძანდებიო, ისიც დაამატა.

ჰო, ის შეგრძნება, თითქოს ძველთაძველ სკივრს ავხადე თავი, არ გამნელებია. რაღაცნაირი წიგნი გამოდგა, სინათლით გაჯერებული სევდით სავსე, სულის ყველაზე შორეულ, მივიწყებულ კუნჭულში რომ მოგიფათურებს ხელს და ყრუ ტკივილს გაგრძნობინებს. არც ჭკუას გარიგებს, არც რჩევებს იძლევა და არც ცხოვრებისეული სიბრძნეებით განებივრებს; უბრალოა, მარტივი, ყველასათვის გასაგები და ამის გამო კიდევ უფრო ახლობელი, უფრო თბილი და უსაშველოდ ადამიანური.

პირველად წავაწყდი წიგნს, სადაც ამდენი სიკვდილია და, ამავე დროს, ამდენი იმედი. დარდობ, განიცდი და მაინც არ გტოვებს იმის შეგრძნება, რომ “ღრუბლებს მიღმა ყოველთვის ზეცაა”.

მთავარიც ეს მგონია.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ბელგია, ერიკ ემანუელ შმიტი, თანამედროვე ევროპული ლიტერატურა, კრებული, მერაბ ფიფია, მოლის ბიბლიოთეკა, ნოველა, ოსტენდელი მეოცნებე, პალიტრა L, პროზა, საჩუქრები, ქართული თარგმანი

Viewing all articles
Browse latest Browse all 304

Trending Articles