Quantcast
Channel: Molly Bloom's Day™
Viewing all articles
Browse latest Browse all 304

“ქართულს არაფერს არ ვკითხულობ”

$
0
0

20170222_213944

“დეტექტივი, ფანტასტიკა, ეროტიკა და სხვა დაბალი სინჯის პროზა” ხომ გახსოვთ? აი, ის ქოთქოთა ბლოგი, ლიტერატურის დაბალo და მაღალი სინჯის ჟანრებად დაყოფა რომ გავაპროტესტეთ.

თურმე სად ხარ, ჟანრი ვის დაკარგვია, ორდიპლომიანი ხალხი ლიტერატურას ენის მიხედვით ყოფს და ახარისხებს.

“ქართულს არაფერს არ ვკითხულობ”.

“ქართულში”, ცხადია, ილია, ვაჟა, აკაკი, გალაკტიონი, ყაზბეგი, მიხეილ ჯავახიშვილი  არ იგულისხმება. ეჭვი მეპარება, ამათ კითხვაში ღამეს ათენებდნენ, მაგრამ გიჟები ხომ არ არიან, ხმამაღლა უარყონ. კლასიკა ხელშეუხებელია.

არც დოჩანაშვილი, ჭილაძე, ინანიშვილი და რჩეულიშვილი. ესეც კლასიკაა. თან მოდური კლასიკა.

რაღა დარჩა ცხვირასაბზუებელი – თანამედროვე პროზა და პოეზია.

არადა, რომ ჰკითხო, აი, რომ ჩამოუჯდე და ჰკითხო, რა დაგიშავა ასეთი, სათოფედ რომ არ ეკარებიო, ჭკუასთან ახლოს მყოფს ვერაფერს გაიგებ, მე მოვკვდე.

უვარგისი და მდარეაო. ბოდიში, რაც იბეჭდება, ყველაფერი შედევრი ვერ იქნება. რაღაც გადასარევია, რაღაც კარგი, რაღაც, ალბათ, უვარგისიც. ამ ჩვენს მზიურ წილხვედრში წერას ლიცენზია არ სჭირდება, ცენზურა აკრძალულია, გამომცემლობაც სამზე მეტია, წიგნი ხან ასეთი გამოდის, ხან ისეთი, მაგრამ სხვა ენებზეც ხომ ასეა? რამდენი უცხოენოვანი (უმეტესად – რუსული) ნაგავი შემხვედრია, იმდენი სიკეთე თქვენ.

ჟანრულ პროზაში მოვიკოჭლებთო. კი ბატონო. ჟანრული პროზა ჩვენი ტრადიციული აქილევსის ქუსლია. ოღონდ დღეს ფენტეზიც გვაქვს, ჰორორიც, მისტიკაც, ამათ გარდა ურბანული რომანიც, გროტესკიც, ტრეშიც. ცოტაა? მეტი და უკეთესი მეც კი მინდა, მაგრამ ბოიკოტით მოიმატებს? რაღაც მეეჭვება. ვინც კარგად წერს, იმათაც დაეკარგებათ წერის ხალისი ასეთი დამოკიდებულების შემყურეებს და ეგ იქნება.

გაგეცინებათ და ვიღაცები თანამედროვეობას ნაკლად თვლიან. არადა, რა ჯობია, მწერალი შენ გვერდით რომ ცხოვრობს, ერთ ქალაქში დაიარებით, იგივე რაღაცები გიხარიათ და გაწუხებთ. გადაშლი ახალ ტექსტს და მთლად საკუთარ ცხოვრებას თუ ვერ შეხედავ გვერდიდან, ნაცნობ მარკერებს მაინც იპოვი და ესეც საქმეა. კლასიკა გადასარევია, ვინ ოხერი დავობს, მაგრამ მარტო კლასიკა ჩემმა მტერმა იკითხა.

ეს, რაც მომისმენია. სხვა პასუხებიც არსებობს, ალბათ. ასეთივე “დამაჯერებლები”. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ძალიან უცნაურ და აუხსნელ ფენომენამდე დადის. “არ წამიკითხავს, მაგრამ ვგმობ”, “ქართულს არაფერს არ ვკითხულობ”, “ვეთანხმები გამყრელიძის დასკვნას”… ანდა პირიქით,  ყველა ყველაფერს მშვენივრად ვხვდებით. უსამართლო და გულდასაწყვეტია, თორემ მე რა, ვისაც რა გაუხარდება, ის იკითხოს.

ჩემი ამბავი ხომ იცით, ურაპატრიოტობა მორალისტობაზე არანაკლებ მეზარება. ჰოდა, ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ “მხოლოდ ქართულს ვკითხულობ” დაახლოებით იგივე ხარისხის სიბრიყვეა. ოღონდ უფრო საშიში.

მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა.

Karlsson på taket • გოდორა კარლსონი


Filed under: კლიché Tagged: თანამედროვე ქართული ლიტერატურა, იმიჯი, კლასიკა, კლასიკური ლიტერატურა, კლიché, კოლექტიური გემოვნება, ლიტერატურა, ლიტერატურული გემოვნება, მკითხველი, მოდა, მორალიზმი, ჟანრული პროზა, ტრენდი, უგემოვნება, ურაპატრიოტიზმი, ქართულს არაფერს არ ვკითხულობ, შაბლონი

Viewing all articles
Browse latest Browse all 304

Trending Articles