ბავშვობაში ზღაპრების დიდი მკითხველი და გულშემატკივარი გახლდით. შეიძლება ითქვას, თავგადაკლული.
“ზღაპრის გუდას” ხომ ვუსმენდი ხაზის რადიოში ყოველ საღამოს, ისე რა დამაძინებდა, ნაირ-ნაირი გრამფირფიტები ხომ მეწყო ოთახში დასტად – იმდროინდელი აუდიოწიგნები, ბებიებიც მიკითხავდნენ და მეც ვცდილობდი ნელ-ნელა, დამარცვლით და თითის გაყოლებით, სანამ კითხვას ვიწავლიდი. უამრავი ზღაპარი მქონდა შინ, ქართულადაც და სხვა ენებზეც, თხელი, სქელი, სურათებიანი, ასეთი, ისეთი… მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების ტომეულები არ მქონია.
წიგნები, კაცმა რომ თქვას, არ მაკლდა. ჩემები, რასაც ბათუმში ვერ მოიხელთებდნენ, თბილისში ეძებდნენ, ან უფრო შორიდან ჩამოჰქონდათ. აი, იმ ფერად-ფერად, უცნაურად მოხატულ ტომებს, რატომღაც, ავცდი.
ერთადერთი, აფრიკული ზღაპრები მაჩუქეს დაბადების დღეზე. რატომ ასჯერ არ გადავიკითხე. ლამის ზეპირად ვიცოდი. უცხო იყო და უცნაური, ეგზოტიკური და ძალიან საინტერესო. იქამდე არც პერსონაჟები შემხვედროდა მსგავსი, არც სიუჟეტი… მოკლედ, ხელიდან ვერ მაგდებინებდნენ.
შარშან ზაფხულს, ბლოგერული შვებულების დროს, გადავწყვიტე, მოდი, იმ ძველ, სრულ სერიას შევაგროვებ-მეთქი.
ძველი წიგნები როგორ უნდა ეძებო, გეცოდინებათ. ქალაქში უნდა იბოდიალო, სტენდიდან სტენდამდე, ზურგჩანთააკიდებულმა, ძველი, ფურცლებგაცრეცილი წიგნები ქექო, გადააწყო, გადმოაწყო, არ უნდა დაიზარო და იპოვი. დაზარებით როგორ დამეზარებოდა, ბოდიალის დრო არ მქონდა. ბლოგზე ვისვენებდი, სამსახურშიც არ იარო, ხელფასს შინ გამოგიგზავნითო, არავის უთქვამს. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით წიგნების ძებნა არ გამოდიოდა, შაბათ-კვირას დავდიოდი დელისთან, პეკინზე, მარჯანიშვილზე, ვორონცოვზე, ბუკინისტების სახლში, თავისუფლების მოედანზე. ყველგან, სადაც ბუკინისტები მეგულებოდნენ, ერთმანეთზე შესკუპებული მტვრიანი და გახუნებული წიგნებით.
ჰოდა, ტყუილად კი არ უთქვამთ, ვინც ეძებს, პოულობსო – ოცდათოთხმეტი ტომი მაქვს უკვე.
სპარსული, შვედური, ბირმული, ესტონური, იტალიური, კორეული, სლოვაკური, ასურული, ინდონეზიური… ჭრელი და ძალიან ლამაზი სუპერებით, სასაჩუქრე მინაწერებით, ექსლიბრისებით, ერთგან ძველი სანიშნეც ვიპოვე. სხვათა შორის, უმრავლესობა გადასარევადაა შენახული. აშკარაა, უფრთხილდებოდნენ და უვლიდნენ.
ერთია, ტომები არ დაუნომრავთ და არც სერიის სრული ბიბლიოგრაფია მოიპოვება სადმე. ეროვნული ბიბლიოთეკის კატალოგს ჩავუჯექი (სხვა, უფრო საიმედო წყარო ბიბლიოგრაფიის დასაზუსტებლად, ჯერჯერობით, არ მეგულება) და, აი, რა გავარკვიე.
საჯაროს კატალოგს თუ ვენდობით, ორმოცტომეული ყოფილა. სერია 1968 წელს დაუწყიათ, რუსული და ლატვიური ზღაპრებით (დრო იყო ასეთი, მზე ჩრდილოეთიდან ამოდიოდა), და 1984 წელს, ქართულით დაუსრულებიათ. სხვათა შორის, 1969 წელს აფხაზური ზღაპრებიც გამოუციათ, მაგათ ჯერჯერობით ვერსად მივაგენი და როგორ ვეძებ, ხომ წარმოგიდგენიათ. აფხაზურთან ერთად ჩინური, მონღოლური, გერმანული, იაპონური და ლიტვური ზღაპრები მაკლია. სულ რაღაც ექვსი ტომი. არც ისე ბევრია. აუცილებლად ვნახავ სადმე.
რამდენიმე გამომცემლობამ სცადა მსგავსი სერიის წამოწყება. რაც გამოსცეს, ურიგო გამოვიდა-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ იმ ძველთან ვერც ერთი ვერ მოვა. მითუმეტეს, არცერთი ახალი პროექტი 5-6 ტომს არ გასცდენია.
რჩევების დარიგება ძალიან არ მიყვარს. იმასაც ვხვდები, რომ მკითხველის მოცლილი “მინდა” ბევრს არაფერს ნიშნავს, გამომცემლობებს საკუთარი გეგმები აქვთ და იმ გეგმების მიხედვით მუშაობენ, საავტორო უფლებებიც გასათვალისწინებელია და ათასი წვრილმან-მსხვილმანიც, მაგრამ ვინმეს ჭკუაში რომ დაუჯდეს და ღირსეული, ხარისხიანი რეპრინტი ითავოს, თანამედროვედ შეფუთული ძველი კონტენტი გადასარევი საჩუქარი იქნებოდა პატარა მკითხველებისთვის და არა მხოლოდ მათთვის.
Karlsson på taket • გოდორა კარლსონი
Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ბუკინისტები, ზღაპრები, მოლის ბიბლიოთეკა, მოლის საბავშვო ბიბლიოთეკა, მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები, პროზა, საბავშვო ლიტერატურა, ქართული თარგმანი, ძველი თარო
