Quantcast
Channel: Molly Bloom's Day™
Viewing all articles
Browse latest Browse all 304

“ჩემი შვილი არაფერს არ კითხულობს”

$
0
0

20170112_224848

ამ ბლოგის დაწერაზე დიდი ხანია ვფიქრობ. რამდენჯერმე დავიწყე და გავეშვი, რომელი სპოკი და მაკარენკო მე ვარ, რჩევები ვარიგო-მეთქი. მიტყეპილი და მიგდებული არამკითხე მოამბის ანდაზაც გამახსენდა და ხელი ჩავიქნიე, მაგრამ ბოლოს მაინც გავრისკე. ოღონდ უმიზეზოდ არა. თვე არ გავა, რომელიმე გულდაწყვეტილმა მეგობარმა არ შემომჩივლოს, ეს ჩემი ბავშვი ვის დაემსგავსა, მე ღამით ვერ მაშორებდნენ საკითხავს, იმას წიგნებისკენ გახედვაც კი არ უნდაო.

ჰოდა, მოდი, ჩემს მოსაზრებებს გაგიზიარებთ. თქვენი აზრიც ძალიან მაინტერესებს.

არც ისეთი უტიფარი ვარ, ყველა კითხვაზე პასუხი მაქვს-მეთქი, თავი გამოვიდო. მითუმეტეს, თემაა ისეთი, მზამზარეული რეცეპტები არც არსებობს. მე დავიწყებ, თქვენ ამყევით. სოფელს თუ ვერ ავაშენებთ, საუბარი მაინც გამოგვივა. ესეც საქმეა.

ჯერ იმას გეტყვით, ამგვარი საყვედურების მოსმენისას თავში პირველი რაც მომდის, მაგრამ თქმით იშვიათად ვამბობ, ემანდ არასწორად არ გამიგონ. თქვენს შვილს კითხვას თამაში თუ ურჩევნია, ანუ სიამოვნების მიღებას დროისა და ენერგიის მინიმალური დანახარჯებით თუ ცდილობს, ყოვლად გადასარევი, რაციონალურად მოაზროვნე, გონიერი ბავშვი გყოლიათ.

კაცმა რომ თქვას, ბლოგის დასრულება აქვე შეიძლებოდა. ბავშვი იმ თქვენს რუდუნებით შეგროვებულ ბიბლიოთეკას და თაროებზე კოხტად ჩაწიკწიკებულ წიგნებს, ერთხელაც იქნება, უთქვენოდაც მიაგნებს. სათაურს მოჰკრავს ყურს და დაინტერესდება, მეგობარი ჰკითხავს, ხომ არ წაგიკითხავსო, სხვის მაგიდაზე შეამჩნევს და ყდა მოეწონება… მაგრამ თუ მაინც თვლით, რომ თქვენი ნაშიერის გულგრილობა წიგნების მიმართ პრობლემაა და გაწუხებთ, ერთადერთი გამოსავალი არსებობს – დაარწმუნოთ, რომ კითხვა სასჯელი, მოსაწყენი მოვალეობა და წვალება კი არა, ბედნიერებაა და უდიდესი სიამოვნების მოტანა შეუძლია.

ჩემთან, შინ, მახსოვს, ყველა კითხულობდა. ბებიები, ჩვენ თუ არ დაგვდევდნენ კუდში, წიგნებს უსხდნენ. დედას სასთუმალთან ყოველთვის ედო საკითხავი. მამას ძნელად მოსახელთებელი გამოცემები მოსკოვიდან და ლენინგრადიდან ჩამოჰქონდა. ერთი სიტყვით, კითხვა ძალიან უყვარდათ, მაგრამ ღმერთი, რჯული, არ მახსენდება, ოდესმე ჩვენთვის დაეძალებინოთ. რატომღაც ჩათვალეს, რომ დაძალებას აზრი არ ჰქონდა. სწორად ჩათვალეს, სხვათა შორის. გიჟების ნებაზე მიშვების მრავალნაცადმა ხალხურმა სტრატეგიამ აქაც გაამართლა.

ერთმა ჩემმა ნაცნობმა თხოვნით, დაყვავებით, შეგონებით და მუქარით ვერაფერი რომ ვერ გააწყო, შვილს ჯენტლმენური შეთანხმება დაუდო: რამდენიც გინდა, იმდენი ითამაშე, ხმას არ ამოვიღებ, ოღონდ თამაშამდე ორი საათი იკითხეო. გამოიცანით, როგორ დააწყობდა ბავშვი პრიორიტეტებს. რა იქნებოდა მისთვის მთავარი მიზანი და რა – მხოლოდ ამ მიზნის მიღწევის საშუალება.

მოკლედ, ზუსტად ვიცით, რა არ უნდა ვქნათ. არავითარი დაძალება, არავითარი შეთანხმებები და ვალდებულებები, ნაკითხობის მნიშვნელობაზე მაღალფარდოვანი ლექციები, დროის მონიშვნა და ფოჩიანი კანფეტები პრიზად. ერთხელაც დავესესხები ქართულ ფოლკლორს – ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო. ჯოჯოხეთსო. ბიბლიოთეკაზე არაფერია ნათქვამი იქ. არა, შეიძლება გავარდეს კიდეც ყარაულის თოფივით, რას გაიგებ, მაგრამ ასეთი გამართლების და ორლარიანების ეშხით შეყვარებული კითხვის არ მჯერა.

საკუთარ შვილს დედამიწის ზურგზე ყველაზე კარგად თქვენ იცნობთ. ჰოდა, დააკვირდით. იქნებ სპორტითაა გატაცებული – თემატური წიგნები ურჩიეთ. ანეკდოტად დადის, ნახევარმა ბრაზილიამ წერა-კითხვა პელეს ავტობიოგრაფიის წასაკითხად ისწავლაო. კინო თუ უყვარს, საყვარელი ფილმების ლიტერატურულ პირველწყაროებზე მოუყევით. ბუნება თუ იზიდავს, ლაშქრობა, ცხოველები, ლეკვზე ან კნუტზე თუ ოცნებობს, სეტონ-თომპსონის, ჯერალდ დარელის, რევაზ ინანიშვილის წიგნები აჩვენეთ. ხელიდან ვერ გამოგლეჯთ, თავს დავდებ.

ოღონდ დაძალება რჩევაში არ აგერიოთ. რჩევა ყველას სჭირდება. რჩევებს მეც დიდი სიხარულით და მადლობებით ვიღებ. პატარა მკითხველმა საიდან უნდა იცოდეს, კონან დოილი თითებჩასაკვნეტ დეტექტივებს რომ წერდა, თაროზე “სამი მუშკეტერის” ცხრანაირი გამოცემა რომ გიდევთ და მუმინების ამბები ჯერ წიგნად რომ დაიწერა და უსაყვარლესი მულტფილმები იმ წიგნების მიხედვით რომ გადაიღეს.

თქვენ რაც მოგწონთ, ცხვირი თუ აუბზუა, დიდად ნუ იდარდებთ. ცოტა ძნელი გადასატანი კია, საყვარელ წიგნს გულგრილად რომ მოგიბრუნებთ, ამას რა წამაკითხებსო, მაგრამ რას იზამთ, სხვა დროა, სხვა თაობა, სხვა ადამიანია, ბოლოსდაბოლოს. სავალდებულო საკითხავი რომ არ არსებობს, ესეც გაითვალისწინეთ.

რაც მთავარია, თქვენი შვილისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი ავტორიტეტი თქვენ ხართ. პირადი მაგალითიც ყველაზე უკეთ მუშაობს. თითქმის შეუცდომლად.

Karlsson på taket • გოდორა კარლსონი


Filed under: კლიché Tagged: ბიბლიოთეკა, გემოვნება, თავისუფალი დრო, თამაში, კითხვა, კლიché, კოლექტიური გემოვნება, მშობლები, სავალდებულო საკითხავი, საკითხავი, უგემოვნება, შვილები, mast read books

Viewing all articles
Browse latest Browse all 304

Trending Articles