Quantcast
Channel: Molly Bloom's Day™
Viewing all articles
Browse latest Browse all 304

ჩემი ტკბილ-მწარე ახალი წლები

$
0
0

ახალი წელი, ხომ იცით, როგორი ამბავია, წელიწადი მთავრდება, მთელი სამასსამოცდახუთი დღე. ზიხარ, ელოდები, ემზადები, რაღაცებს იხსენებ. კარგსაც და ცუდსაც. კარგი ყველაზე უიღბლო წელშიც გამოერევა, გამორიცხულია, არ გამოერიოს. ის კარგი გახსენდება, გეღიმება და იმედი გაქვს, რომ ცუდს ძველი წელი წაიღებს.

კიდევ ახალ წლებს იხსენებ. აიმ ჯადოსნურ ღამეებს. ვისაც რამდენი ჰქონია. ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები. ასაკს გააჩნია. მე ოცდაათზე მეტი დამიგროვდა. რაღაცები კარგად მახსოვს. რაღაცები – არც ისე.

პატარაობაში ახალი წელი ჩემთვის  ზამთრის არდადეგები იყო, “ცისკარა” დილის თერთმეტ საათზე და ნაძვის ხის ზეიმები. მოსაწვევები მოჰქონდა დედ-მამას და იმ ზეიმებზე დავიარებოდი დიდი მონდომებით. ახალი წლის ღამე – ნაკლებად. მთლად ცხრაზე არ გვაძინებდნენ, მაგრამ არც ღამისთევა გამოდიოდა. ვუყურებდით რაღაცებს, რაც ტელევიზორში საბავშვოდ მიიჩნეოდა, დავიძინებდით, ვიღვიძებდით პირველ იანვარს, ტკბილეული, საჩუქრები, სტუმრები, ზეიმები, მულტფილმები და ასე გრძელდებოდა თოთხმეტამდე.

ახალი წლის ღამეები მერე და მერე უფრო მახსოვს. დიდობაში.

ერთხელ, ოცდათერთმეტში, საღამოს, მეზობელი მოგვადგა დაფეხვილი ვილისით და დიდი ყუთებით. მანდარინი ჩამოგვიტანა ჩაქვიდან. მანდარინი ისედაც არ გვაკლდა, მაგრამ ის სხვანაირად გემრიელი იყო. ყვითელი, ყვითელი, ტკბილი, მზისფერი. ბევრზე ბევრი. ყველგან მანდარინი ელაგა, სასტუმრო ოთახში, ნაძვის ხესთან, სამზარეულოში, საძინებელში, ყველგან. გადამზისფერდა სახლი და იმ მზის შუქი ახლაც მახსოვს.

ერთხელ ახალ წელს მატარებელში შევხვდით. ოცდათერთმეტში წამოვედით თბილისში. წესით, პირველში, დილით, აქ უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ ისე მოთოვა, საღამოს ძლივს ჩამოვაღწიეთ. კუპეში არ ციოდა, არც მოგვშიებია, რაღაცები გვქონდა, რაღაცები მეზობელი კუპეებიდან შემოგვაწოდეს, ჩემთვის სახალისო თავგადასავალი უფრო იყო და მაინცდამაინც არც შემშინებია.

უშუქო და უგაზო ახალი წელიც მახსოვს. უტელევიზოროც. ოცდაათ დეკემბერს, ღამით, მოულოდნელად მოვარდნილმა შუქმა გადაწვა. ოცდათერთმეტში ახალ ტელევიზორს რას ვიყიდდით.  სხვა დრო იყო. იმ ახალ წელს სასუსნავების ნაკლებობაზე მეტად უტელევიზორობას ვდარდობდი.

ამ რამდენიმე დღის წინ დედასთან ერთად ყავას ვსვამდი სამზარეულოში, საახალწლო სუფრას ვარჩევდით და ძველისძველი ამბავი გაიხსენა. 98 წლის. ისე მოგიყვებით, როგორც მე მომიყვა.

” წავედი სამსახურში. ოცდარვა იყო თუ ოცდაცხრა, აღარ მახსოვს. ბავშვები დათხოვილი გვყავდა. რა უნდათ ბავშვებს ოცდაცხრაში სკოლაში. ხელფასისთვის წავედი. 17 ლარისთვის.   სამსახურთან პატარა მოედანია. ვხედავ, ჩურჩხელებს ყიდიან უჩვეულოდ იაფად – თითოს 50 თეთრად. გამიხარდა, მეთქი, ხელფასს ავიღებ, გამოვივლი და ვიყიდი. მივედი სამსახურში, ვზივარ, ხელფასს ველოდები და ვფიქრობ, ოთხი ჩურჩხელა ვიყიდო თუ ხუთი. 50 თეთრია და წინასწარ გადანაწილებული 17 ლარიდან ვერაფერს მოვაკელი ის 50 თეთრი. მერე მოვიდა სასწავლო ნაწილი და თქვა, რომ ხელფასი არ არის, არც არავინ იცის, როდის იქნება,  ალბათ, ნაახალწლევს. წამოვედი შინ, რაღას ვიზამდი, ჩურჩხელა არც გამხსენებია.”

არ მინდა, გოგია უიშვილივით გამომივიდეს, გემრიელი ახალი წლებიც ბევრი მახსოვს. ნაშუაღამევს, დაღლილი და კმაყოფილი, ტელევიზორს რომ მიუჯდები, ყველას სძინავს, რაღაცებს უყურებ, ტელეფონი მუშაობს და მილოცვებიც მოგდის, დროდადრო სამზარეულოში გადიხარ და ყავას იხარშავ, მერე იძინებ და გძინავს დიდხანს, დიდხანს, იღვიძებ და ახალი წელია. ყველაფერი ცუდი იმ ძველ წელში გაქვს დატოვებული და ახალ ცხოვრებას იწყებ.

ხვალაც ასე იქნება. არ ყოფილა იოლი წელი. ცუდი უფრო მეტი იყო, კარგი – უფრო მნიშვნელოვანი. შინ ყველა კარგადაა და ჯანმრთელად და ეს მთავარია. დანარჩენს მოვერევით.

მრავალ ბედნიერ ახალ წელს დაესწარით.


Filed under: მე - მოლი ბლუმი Tagged: არდადეგები, ახალი წელი, ახალი წლის ღამე, ბათუმი, თბილისი, მანდარინები, მოლი ბლუმი, ნაძვის ხე, ნაძვის ხის ზეიმი, სატელევიზიო კინოდარბაზი ცისკარა, ტელევიზორი, ჩურჩხელა, ძველი წელი

Viewing all articles
Browse latest Browse all 304

Trending Articles