Quantcast
Channel: Molly Bloom's Day™
Viewing all articles
Browse latest Browse all 304

წიგნის საახალწლო ფესტივალი –სახელდახელო გზამკვლევი

$
0
0

12414349_10207478973389813_853625620_o

თბილისის წიგნის დღეები ლამის გუშინ ჩავატარეთ, “ექსპოს” პავილიონები წესიერად არც იქნება ალაგებული, ნაყიდი წიგნები ჯერაც მაგიდებზე გვიწყვია და თაროებზე არ გადაგვინაწილებია, არადა, უკვე მორიგი ბიბლიოაურზაური მოგვადგა კარს – წიგნის საახალწლო ფესტივალი.

წელს მეორედ ტარდება. შარშან, თუ გახსოვთ, თბილისი მოლში დავიარებოდით. სხვების ნაცვლად ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ თქვენი მონა-მორჩილი ახალშეძენილი წიგნების ყველა პარტიას აჭარული ხაჭაპურით აღნიშნავდა იქვე, კაფეში. ურიგო იყო-მეთქი, ცოდვას ვერ დავიდებ, მაგრამ წიგნის ბაზრობას სხვანაირად მოწყობილი, მყუდრო და კომფორტული სივრცე უხდება. ამჯერად საჯარო გვიმასპინძლებს. ეროვნული ბიბლიოთეკა, მესამე კორპუსი, მეორე სართული. საგამოფენო დარბაზი.

წიგნის ფესტივალისთვის ოთხი დღე მეცოტავება. გამორიცხულია, რამე არ გამომრჩეს, შინ დაბრუნებულს არ გამახსენდეს და გული არ დამწყდეს, ნეტავ მეყიდა-მეთქი. საახალწლო ამბავი საერთოდაც სამდღიანია. პარასკევს იწყება, კვირას დასრულდება. პარასკევს ვმუშაობ, სამსახურიდან გასხლტომას ან შევძლებ, ან ვერა. ჰოდა, რამე თუ არ მოვიფიქრე, წუწუნი და გულისწყვეტა მერე ნახეთ, ოცდაშვიდში.

კაცმა რომ თქვას, მოსასწრებად ორგანიზატორებს უფრო აქვთ საქმე. იმდენი რამეა დაგეგმილი. აქეთ წლის ბესთსელერების გამოვლენაო, იქეთ წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის საუკუთესო ბლოგერების დაჯილდოებაო, წელს და შარშან უცხოეთში გამოცემული ჩვენი წიგნების წარდგენა ვტორებთან 12369153_528647460628308_4993215396703741083_nერთად, მრავალფეროვანი და დატვირთული საბავშვო პროგრამა, პრეზენტაციები, ლექციები, ამბები, მოსწრება თქვი, თორემ მოწყენით არავინ მოიწყენს.

წლევანდელ საახალწლო ფესტივალს  ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, “სანტა ესპერანსა” და “Ex Libris” დააკლდება. მიზეზებზე ვერაფერს გეტყვით, მათ ჰკითხოთ, ჯობია, ან ორგანიზატორებს. უმსხვილესი გამომცემლობისა და წიგნის მაღაზიების არყოფნით, პირველ რიგში, მკითხველი დაზარალდება, ფაქტია, და დასანანიც სწორედ ეს არის.

მოკლედ, ასეა თუ ისე, ფესტივალი ტარდება, ახალი წიგნებიც უხვადაა და ერთი, კარგად შეკრული საფესტივალო გეგმაც აუცილებელია, ხომ უნდა ვიცოდეთ, სად რა დაგვხვდება.

ოჩობუქსს” ჭეშმარიტად საახალწლო სიურპრიზი აქვს ჩაფიქრებული. თან სატარებელი წიგნების კოხტად შეფუთულ კომპლექტებში, შესაძლოა, 2016 წელს გამოსულ პირველივე წიგნზე 50, ან, სულაც 100 პროცენტიანი ფასდაკლების ვაუჩერი აღმოაჩინოთ. ახალ წელს იღბლიანი შენაძენით, მოგებით და საჩუქრით დაიწყებთ – ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს. ერთი სიტყვით, საახალწლო12356911_497190493794930_4502218296903818897_o განწყობა გარანტირებულია.

ყოვლად გადასარევი დელფინიანი მაღაზია, სამწუხაროდ, ფესტივალისთვის ვერ იცლის და ამჯერადაც ბათუმში დარჩება. სამაგიეროდ, გამომცემლობა ჩამოდის ისეთი დატვირთული, შენი მოწონებული… ძველი წიგნებიც მოაქვთ, ფასდაკლებები, “განსაკუთრებული საათები”, რამე თუ გამოგრჩათ, იოლად და სარფიანად მოიძიებთ და, რაც მთავარია, ჩიტმა ამბავი მომიტანა, ახალი შვიდეულიც მზად არისო. ჰოდა, ველოდები ხელების ფშვნეტით.

რეი ბრედბერის “მთელი ზაფხული ერთ დღეში” – ყველა გაგებით ფანტასტიკური მოთხრობების ექსკლუზიური კრებული, ორსონ სკოტ კარდის “ენდერის თამაში” – პირველი გადმოქართულებული კოსმოოპერა, დენიელ კიზის “ბილი მილიგანის მრავალი გონება” – წლის, ალბათ, ყველაზე დამაინტრიგებელი თარგმანი, “მეტრო-2034“, გიორგი კეკელიძის უახლესი “ორი თავგადასავალი და ნესტან კვინიკაძის “ისპაჰანის ბულბულები“.

“ელჯერნონის” სამი თუ ოთხი ტირაჟი პირწმინდად ამოიწურა და, მოდი, ბარემ ახალი ქავერით გამოვცეთო… book_566e7ad95feeaულამაზესია. თან მეგობარი დამპირდა, გაჩუქებო. ჩემს დელფინებიან თაროს დაამშვენებს. მერე რა, რომ ძველი გამოცემაც იქვე იქნება – მე შენ გეტყვი, რამეში ხელს შეუშლიან ერთმანეთს.

დიოგენეს“, ტრადიციულად მსუყე ფასდაკლებასთან ერთად, ჯულიანს ბარნსის “დროის ხმაური” ექნება (დიმიტრი შოსტაკოვიჩის მხატვრული ბიოგრაფია, ორიგინალს იანვარში რომ ელოდებიან და ქართულმა თარგმანმა დაასწრო) და ორი საინტერესოზე საინტერესო სიახლე პოეზიის მოყვარულთათვის – ზვიად რატიანის მეექვსე პოეტური კრებული “შენთვის შეიძლება” და მისივე შედგენილი “ქართული ლექსი. XX საუკუნე“, ქართული ლექსის ანთოლოგია, გრიგოლ რობაქიძიდან ნიკა ჯორჯანელამდე.

ინტელექტს” და “არტანუჯს” პრეზენტაციები და ლექციები სამ დღეზე აქვთ კოხტად გადანაწილებული. პარასკევს შორენა ლებანიძის დოკუმენტური რომანის – “მანანა ანუა – ტყვეობის ორმოცდათოთხმეტი დღე“ წარდგენაა და მაკა ლდოკონენის საჯარო ლექცია ლევან ბოლქვაძის არაჩვეულებრივ წიგნზე “ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“, შაბათს – დიანა ანფიმიადის ახალი პოეტური კრებულის – “ჩრდილის ამოჭრის” და სტაინბეკ-კაპას “რუსული დღიურის” რეზენტაცია, ჯერ კიდევ ნოემბრიდან რომ ველოდებით ხელების ფშვნეტით, კვირას – შოთა იათაშვილის “პოეტური გამოცდილების სიმწარეს“ და12283269_10207261830361373_1091971823_n ლუის სუარესის ავტობიოგრაფიული წიგნს – “ზღვარს მიღმა“ გაგვაცნობენ.

კიდევ პავიჩი, მარკესი, “ფოთოლცვენა” და “ერთი ტყვეობის ამბავი”, წიგნის დღეებისთვის რომ ვერ მოესწრო და საახალწლოდ ნამდვილად იქნებაო, დაგვპირდნენ, მარსელ პრუსტის დამაინტრიგებელი “სოდომი და გომორა“,  გემრიელი დისქაუნთი და ბევრი კარგი წიგნი.

პალიტრა L“-მა პატარებისთვის, ვასო გულეურის მოფიქრებული თოვლის გუნდას  ფუმფულა თავგადასავლები გამოსცა. “Liberteens” ყველაზე ერთგულ მკითხველებს “Liberset“-ს სთავაზობს – ჯადოსნურ ყუთს, სადაც “ლიბერთინსის” აქსესუარებთან ერთად ექსკლუზიური საჩუქარიც დაგხვდებათ –  რეინბოუ რაუელის „ელინორი და პარკის“ პირველი ეგზემპლარები, გაყიდვაში მხოლოდ 28 დეკემბრიდან, ფესტივალის დასრულების შემდეგ რომ გაიტანენ.

ფიგურულ სრიალს რომ დავესესხოთ, ჩემი “სავალდებულო პროგრამა” ესაა. “თავისუფალი” შაბათიდან დაიწყება. წიგნის ფესტივალი ისე როგორ ჩაივლის, სტელაჟებს შორის ბოდიალისას რამე განსაკუთრებულს არ მივაგნო.

მართალია, თაროებზე ადგილი თითქმის აღარ დამრჩა, მაგრამ მოვიფიქრებ რამეს.


Filed under: თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი Tagged: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, გამომცემლობა "ინტელექტი", გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", გამომცემლობა არტანუჯი, გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები, დიოგენე, პალიტრა L, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, წიგნები ბათუმში, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, წიგნის საახალწლო ფესტივალი, LIberteens, ochobooks

Viewing all articles
Browse latest Browse all 304

Trending Articles