შაბათს მეზობელი გვესტუმრა. “ჩიტის რძე” შემოგვაწოდა, დედასთან ჰქონდა საქმე, მოაგვარეს და სახელდახელოდ მოხარშულ ბათუმურ ყავაზე შევიპატიჟეთ.
ვისხედით, ვლაპარაკობდით, ტელევიზორი თავისას ბუტბუტებდა და ტელევიზორში ახსენეს ის ამბავი, ზუგდიდში ქმარს შვიდი წელი მიუსაჯეს ცოლზე ძალადობისთვისო.
ნამეტანი მოსვლიათო, მეზობელმა. შვიდი წელი რა იყო ახლაო. იმ კაცს კი არ ვამართლებ, მაგრამო…
ყურები ვცქვიტე. ყველაზე საინტერესო, გეცოდინებათ, “მაგრამის” მერე იწყება. არ უნდა მიესაჯათ-მეთქი?
გამომხედა ყელმოღერებულმა და – ცოლ-ქმრის ამბავს სახელმწიფოს ვინ ეკითხებაო. დღეს იჩხუბებენ, ხვალ შერიგდებიან. რა საციხო საქმე ეგაა, ქმარმა ცოლი როგორ უნდა გააუპატიუროს, უცხო ხომ არ არის, ცოლია, ერთად სძინავთო.
მერე რა, რომ ცოლიაო, დედამ ჰკითხა. დედა მუსიკის პედაგოგია. სისხლის სამართლის კოდექსთან შეხება არ აქვს. ლოგიკა და საღი აზრი მოიშველია. ცოლია, მონა ხომ არაო.
ცოლ-ქმრის საძინებელში რა ხდება, არავის საქმე არ არისო, მოკლედ მოჭრა მეზობელმა. მე ასე მგონიაო. კი მინდოდა, მეთქვა, რაღა არავისი საქმე, ამ კონკრეტულ საძინებელს, აგერ, დედა, და, მეზობლები და შორეული ნათესავები აყურადებდნენ, ფაქტია-მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე. წაგებული დისკუსია იყო აშკარად და რომელი მაკარენკო მე ვარ, ვინმე აღვზარდო, მითუმეტეს, ამ საპატიო ასაკში.
ვიჯექი მერე და ვფიქრობდი, ეს ჩემი მეზობელი ყოვლად გადასარევი ქალია, დადებითი, კონტაქტური, მუშაობს, შვილებს ზრდის, ექსტრემისტული არაფერი შემიმჩნევია აქამდე და, დარწმუნებული ვარ, ვერც აწი შევამჩნევ. მოკლედ, ათიდან ცხრა ნაცნობი უყოყმანოდ გიპასუხებს, კარგი ადამიანიაო და, უცებ, ასეთი კატეგორიული დასკვნა. უაპელაციო. გასაჩივრებას რომ არ ექვემდებარება, ისეთი.
მოძალადე ქმარი გაუპატიურებისთვის არ გაუსამართლებიათ. ძალადობა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება შეერაცხა. ეს ისე, for record, სიზუსტისთვის, თორემ ჩემი მეზობლისთვის სულერთია, 137-ე მუხლი იქნება, 138-ე თუ 413-ე. დეტალები არ აინტერესებს.
ქალს, ცოლის სტატუსის მიუხედავად, სქესობრივი თავისუფლება გააჩნია და კანონი ამ თავისუფლებას ზუსტად ისე იცავს მოძალადე ქმრისგან, როგორც ნებისმიერი სხვა მოძალადისგან. მარტივზე მარტივი ჭეშმარიტებაა, დიდი მტკიცება არ სჭირდება და თავს არ შეგაწყენთ, ბლოგს ვწერ, რეფერატს კი არა, მუხლები და კომენტარები ჩამოვაწიკწიკო.
მე უფრო ის მაინტერესებს, რატომ ჰგონია თავად ცოლს და სამი შვილის დედას, რომ მავანს ქმრის სტატუსი ნებისმიერი საზიზღრობის ჩადენის უფლებას აძლევს.
ამ პოსტს რომ ვწერდი, “იმედის კვირის” რეპორტაჟს ხელახლა ვუყურე. ახლაც არ ვიცი, ვინ უფრო ამაზრზენი იყო – მოძალადე ქმარი, გაქსუებული მული, ყოვლად შტერი დედამთილი თუ ენაჭარტალა მეზობლები. ან ის ტიპი, უფლებადამცველად რომ მოიხსენიებდნენ და ერთი-ორი გალაწუნება რა სალაპარაკოაო, ამბობდა.
დასასჯელი დაისაჯა, მოძალადემ თავისი მიიღო, იმ გოგოს ამით რა ეშველა – სხვა ამბავია. პრეცედენტი შექმნილია და, ეგებ, ქმრად წოდებულ სხვა არსებას შეეშინდეს ცოლის ასე გატანჯვა, ვირის აბანო მეც არ მახეხინონო.
ასეთ სიბნელეს მხოლოდ განათლებით უნდა ებრძოლო. ათასჯერ მითქვამს და დღესაც ამ აზრზე ვარ. დედას ვაჩვენე ვიდეო და ჩემი მტერი არაა მეტი, ამათ რამე გაიგონო. ღმერთი, რჯული, სადღაც მართალიც კია. განათლება ასეთი ყოვლისშემძლეც ვერ არის. უბრალოდ, სხვა გზა არ გვაქვს – ყველაზე ბოლოს იმედი კვდებაო, მოგეხსენებათ.
Filed under: მოქალაქე ბლუმი Tagged: ადამიანის უფლებები, განაჩენი, მოქალაქე ბლუმი, ოჯახი, ოჯახში ძალადობა, სამოქალაქო განათლება, სამოქალაქო საზოგადოება, სისხლის სამართლის კოდექსი, სქესობრივი თავისუფლება, ქალთა უფლებები, ცოლი, ძალადობა
