ანა გავალდა.
35 კილო იმედი
გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”
ბათუმი
2015
მთარგმნელი – სოფია ბარშოვა
რედაქტორი – მარიამ კორინთელი
ილუსტრატორი – მარიამ გიგუაშვილი
დიზაინი – ეკა ტაბლიაშვილი მარიამ გიგუაშვილი
დამკაბადონებელი – მალხაზ ფაღავა
ქართული გამოცემა © გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”, 2015 ყველა უფლება დაცულია
ვერ ვიტან სკოლას.
ამქვეყნად ყველაზე მეტად ეგ მეზიზღება.
არა, უფრო მეტადაც…
გამიმწარა ცხოვრება.
შეიძლება ითქვას, რომ სამი წლის ასაკამდე ვიყავი ბედნიერი. კარგად აღარც მახსოვს, მაგრამ მგონი, ასე იყო… ვთამაშობდი, ჩემი საყვარელი მულტფილმის, „სამი მურა დათვის“ ვიდეოკასეტას დღეში ათჯერ ვატრიალებდი, ვხატავდი, მილიარდ თავგადასავალს ვიგონებდი ჩემი პლუშის ამუნია გროდუდუსთვის, რომელზეც დღესაც ჭკუა მეკეტება. დედა ჰყვება, რომ საათობით ვიკეტებოდი ჩემს ოთახში, დიალოგი მქონდა გამართული საკუთარ თავთან და გახარებული, ბოლო ხმაზე გავკიოდი. ამ მოგონებებიდან ვასკვნი, რომ ბედნიერი ვიყავი.
ჩემი ცხოვრების იმ ეტაპზე ყველა და ყველაფერი მიყვარდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ იმ ყველა და ყველაფერსაც უყვარდათ ერთმანეთი…მაგრამ შემისრულდა სამი წელი და ხუთი თვე და ბრახ! სკოლაც გამოჩნდა.
როგორც ახლა ვიხსენებ, იმ დილით ძალიანაც კმაყოფილი გავემართე სკოლაში. მანამდე მშობლებმა, ვინ იცის, რამდენჯერ გამიმეორეს: ,,როგორ გაგიმართლა, ძვირფასო, შენ ხომ ნამდვილ სკოლაში მიდიხარ ’’, ,,შეხედე, რა მაგარი ახალი ჩანთა გაქვს! აი, ამით წახვალ შენს ლამაზ სკოლაში“… ბლა ბლა ბლაა… მგონი, არ მიტირია. (ძალიან ცნობისმოყვარე ვარ და უფრო ის მაინტერესებდა, ჰქონდათ თუ არა იქ სათამაშოები და ლეგოები…) თურმე, სკოლიდანაც შესანიშნავ ხასიათზე დავბრუნებულვარ, აღფრთოვანებულიც კი. სადილის დრო იყო, კარგადაც გეახელით და მაშინვე ჩემს ოთახს მივაშურე, რათა სასწრაფოდ მომეყოლა გროდუდუსთვის, რა გადასარევად გავატარე დილა.
მაშინ რომ მცოდნოდა, ეს ჩემი ბედნიერი ბავშვობის უკანასკნელი წუთები იყო, შევეცდებოდი, როგორმე უფრო გამეხანგრძლივებინა მისით მიღებული სიამოვნება, უფრო ნელ-ნელა დამეგემოვნებინა,რადგან სწორედ ამის შემდეგ დადგა ყველაფერი თავდაყირა…
– აბა, წავედით! – მითხრა დედამ.
– სად?
– როგორ თუ სად, სკოლაში.
– არა.
-რა არა?
– არ წამოვალ.
– რაო? ვითომ რატომ?!
– იმიტომ, რომ აღარ ვაპირებ სკოლაში სიარულს. ვნახე ,მანდ რაც ხდება და საერთოდ არ დამაინტერესა. ოთახში იმდენი რამ მაქვს გასაკეთებელ-შესაკეთებელი. გროდუდუს დიდი ხნის წინ დავპირდი, რომ მისთვის ავაგებ სპეციალურ მოწყობილობას, რომელიც დაეხმარება ადვილად იპოვოს ჩემი საწოლის ქვეშ ჩაფლული ყველა ძვალი. მე კი ჯერ კიდევ ვერ გამოვნახე ამისთვის დრო.
დედა ჩაიმუხლა, მე თავი დავხარე. ის დაჟინებით მთხოვდა სკოლაში წასვლას, მე ტირილი დავიწყე.
მან წამომაყენა, მე ღრიალი მოვრთე.
ჰოდა, ალიყურმაც არ დააყოვნა. მაშინ პირველად გამარტყა დედამ.
ესეც ასე!
ესეც შენი სკოლა!
ამის შემდეგ დაიწყო ნამდვილი კოშმარი.
ამ დღის შემდეგ, ალბათ, მილიარდჯერ მაინც მომიხდა ამ ისტორიის მოსმენა, როდესაც ჩემი მშობლები მას უყვებოდნენ თავიანთ მეგობრებს, აღმზრდელებს, მასწავლებლებს, ფსიქოლოგებს, ლოგოპედებს და მიმართულების მრჩევლებს. და ყოველ ჯერზე მაგონდებოდა, რომ მაინც ვერ შევძელი გროდუდუსთვის ძვლის დეტექტორის შექმნა.
ახლა ცამეტი წლის ვარ და მეექვსე კლასში ვსწავლობ. მთლად კარგად არ არის საქმე, ხომ? ახლავე აგიხსნით ყველაფერს. თქვენ კი, თუ არ შეწუხდებით, თითებზე გადაითვალეთ. ვივაჟკაცე და ორჯერ ჩავრჩი ერთსა და იმავე კლასში: მეორესა და მეექვსეში.
სკოლამ ნამდვილ დრამად აქცია ჩემი ოჯახის ყოფა. წარმოიდგინეთ -დედა ტირის და მამა ილანძღება. ან პირიქით, ახლა დედა იწყებს ლანძღვას და მამა დუმს. ძალიან მაწუხებს და მაუბედურებს მათი ამ დღეში დანახვა, მაგრამ რა ვქნა? რა შემიძლია გავაკეთო? ან რა უნდა ვთქვა ამ დროს? არაფერი. არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგან პირი თუ გავაღე, ეს კიდევ უარესი იქნება. მათაც თითქოს აღარაფერი აქვთ სათქმელი და თუთიყუშებივით მხოლოდ ერთი და იგივეს იმეორებენ:
– იმუშავე!
– იმუშავე!იმუშავე! იმუშავე!
– იმუშავე!
კარგი ბატონო, გავიგე. ასეთი იდიოტიც არ ვარ! ძალიანაც მინდა მუშაობა, მაგრამ ამ მოწყენილობას რა ვუყო? სკოლაში რაც ხდება, ჩემთვის ყველაფერი ჩინურია, ერთ ყურში შედის და მეორედან გადის. მოკლედ, რომელ ექიმთან აღარ მიმიყვანეს: ჯერ თვალისო, მერე ყურისო, ბოლოს ტვინისაც გამოძებნეს და უამრავი ტყუილად დაკარგული დროის შემდეგ, გამოიტანეს დასკვნა, რომ თურმე კონცენტრაციის პრობლემა მქონია. ახალი ამბავი! ეს ხომ მეც მშვენივრად ვიცოდი, ეკითხათ და პასუხს არ დავამადლიდი. არავითარი პრობლემა არ მაქვს და არც არაფერი მჭირს. უბრალოდ, არ მიყვარს და არ მაინტერესებს ეს სკოლა.
არ მაინტერესებს და მორჩა. სულ ეგ არის.
სკოლაში მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ვიყავი ბედნიერი. ეს იყო პირველ კლასში, როდესაც მარი მასწავლებელი მასწავლიდა. მე მას არასოდეს დავივიწყებ.
ახლა, როდესაც მასზე ვფიქრობ, ვხვდები, რატომ აირჩია მარიმ მასწავლებლობა. მას სურდა, მუდამ ის ეკეთებინა, რაც ყველაზე მეტად უყვარდა ცხოვრებაში, ანუ ჩხირკედელაობა, ხელმარჯვეობა, სხვადასხვა საინტერესო რამის გამოგონება და შექმნა. მარი მაშინვე შევიყვარე, პირველივე დღის პირველივე დილიდან. ის ატარებდა საკუთარი ხელით შეკერილ ტანსაცმელს, თავის მოქსოვილ ჯემპრს და მისივე ფანტაზიით შექმნილ სამკაულს. ყოველდღე რაღაც მიგვქონდა სახლში: მაგალითად, დაჭმუჭნილი ფურცლისგან გაკეთებული ზღარბი, კატა რძის ბოთლით ხელში ,წრუწუნა კაკლის ნაჭუჭში ,მობილური ტელეფონები, ნახატები, ნაძერწები, სხვადასხვა კოლაჟები…ეს იყო მასწავლებელი, რომელიც არ ელოდა დედის დღეს, რათა რამე მოგვეფიქრებინა. ის ამბობდა, რომ წარმატებული მხოლოდ ის დღე იყო, როდესაც ჩვენ რაიმე ახალს ვქმნიდით. ახლა, ამ ყველაფრის გახსენებისას, მეჩვენება, რომ სწორედ ეს ბედნიერებით სავსე წელი გახდა ყველა ჩემი შემდგომი უბედურების საწყისი, რადგან ზუსტად მაშინ მივხვდი ერთ მარტივ ჭეშმარიტებას: ამქვეყნად ყველაზე მეტად მაინტერესებს ჩემი ხელები და ის, რაც მათი მეშვეობით შეიძლება შევქმნა.
ძალიან კარგად ვიცი, რომ დავალებული ვარ მარისგან. სულ მცირე, პირველი კლასის დახურვის გამო მაინც. იმის გამოც, რომ მან გამიგო და მიხვდა, ვისთან ჰქონდა საქმე. მან იცოდა, რომ თვალზე მაშინვე ცრემლი მადგებოდა, როდესაც საკუთარი სახელის დაწერას მთხოვდნენ; რომ ზეპირად ვერაფერს ვსწავლობდი და ჩემთვის საბავშვო ლექსის წარმოთქმაც ტანჯვა იყო. სასწავლო წლის მიწურულს, ბოლო დღეს, მასთან გამოსამშვიდობებლად მივედი. ყელი გამომშრალი მქონდა, გული მეკუმშებოდა და ლაპარაკი ძალიან მიჭირდა. საჩუქარი გავუწოდე. ეს იყო ძალიან მაგარი, ფანქრების ჩასაწყობი ყუთი მრავალფუნქციური უჯრებით, სადაც შეეძლო ბევრი რამ შეენახა. მაგალითად, საკალმეები, ქაღალდის სარჭები თუ საშლელები. რამდენიმე საათის განმავლობაში ვამზადებდი და ვფუთავდი ამ საჩუქარს. სამაგიეროდ, დავინახე, როგორ ესიამოვნა ის ჩემს საყვარელ მასწავლებელს და ზუსტად ჩემსავით აღელდა, შემდეგ კი მითხრა:
– გრეგუარ, მეც მაქვს შენთვის საჩუქარი…
სქელი წიგნი აიღო:
– მომავალ წელს დიდებთან ერთად იქნები მადამ დარეს კლასში და ბევრი, ძალიან ბევრი უნდა იმეცადინო… იცი, რატომ?
თავი გავაქნიე.
– იმიტომ, რომ შეძლო იმ ყველაფრის კარგად წაკითხვა, რაც ამ წიგნში წერია…
შინ დაბრუნებულმა, დედას სათაურის წაკითხვა ვთხოვე. მან სქელი წიგნი მუხლებზე დაიდო და თქვა:
– ,,ათასი იდეა პატარა ხელმარჯვეებისათვის“- ოჰ, ოჰ, წარმოდგენაც არ მინდა, აქ რა არეულობა დატრიალდება!
დანახვისთანავე შევიძულე მადამ დარე. მძულდა მისი ხმა, მანერები და უაზრო მისწრაფება მოსწავლეების გამორჩევისკენ. მიუხედავად ამისა, მე მაინც ვისწავლე კითხვა, იმიტომ, რომ ძალიან მინდოდა კვერცხის ნაჭუჭისგან ბეჰემოტის გაკეთება, როგორც ეს მარის ნაჩუქარი წიგნის 124-ე გვერდზე ეწერა.
პირველი კლასის ბოლოს მარის ჩემი აკადემიური მოსწრების ფურცელში ჩაუწერია:
,,ამ ბიჭს გამჭრიახი გონება და ჯადოსური თითები აქვს,მაგრამ გულჩათხრობილია.შეიძლება მასთან მუშაობა და წარმატების მიღწევა“.
ჩემს ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად,განათლების მუშაკმა წყალწაღებული არ მიწოდა.
სხვათა შორის, უამრავი ადამიანი შემხვედრია ცხოვრებაში, რომელთაც ჩემსავით გულზე არ ეხატებოდათ სკოლა. აი, თქვენ, მაგალითად, კაცმა რომ გკითხოთ, გიყვართ თუ არა სკოლა, თავს დავდებ, რომ მაშინვე „არას“ უპასუხებთ. სუპერბეჯითი და ფრიადოსანი უნდა იყო, ამ შეკითხვას დადებითად რომ უპასუხო. ან, იქნებ, იმდენად კარგი მოსწავლეებიც მოიძებნონ, რომელთათვისაც, უბრალოდ, ჰობია ყოველ დილით თავიანთი ნიჭიერების გამოცდა. ჰოდა, რა გამოდის… სინამდვილეში უყვარს ვინმეს სკოლა? არავის. და რამდენს ეზიზღება? არც ისე ცოტას. სწორედ ასეა. ქვეყნად ჩემსავით წყალწაღებული მოსწავლეებიც არიან, მასწავლებლები მერხზე რომ დააკაკუნებენ და ეს კიდევ სჯობიაო, რომ იტყვიან. მოსწავლეები, რომლებსაც ქრონიკული მუცლის ტკივილი აწუხებთ.
მე, მაგალითად, ჩემი მაღვიძარას დარეკვამდე ერთი საათით ადრე თვალები უკვე დაჭყეტილი მაქვს და ამ ერთი საათის განმავლობაში ვგრძნობ, თანდათან როგორ იმატებს და იმატებს მუცლის ტკივილი. ორსართულიანი საწოლის მეორე სართულიდან ჩამოსვლის დროს კი გული ისე მერევა, თითქოს ჩემს ოთახში კი არა, გემზე ვიყო, გაშლილ ზღვაში. ამ დროს საუზმე ნამდვილი ტანჯვაა. მართლა არაფრის გადაყლაპვის თავი არ მაქვს, მაგრამ რადგან დედაჩემი, ტრადიციულად, თავზე მადგას, იძულებული ვარ, რამდენიმე ლუკმა ორცხობილა შევჭამო. ავტობუსში ჩემი მუცლის ტკივილი ძალიან მძიმე ბურთად გადაიქცევა ხოლმე. თუ შემთხვევით რომელიმე კლასელს დავემგზავრე და ლაპარაკი ჩვენი საყვარელი მულტფილმის გმირ ზელდაზე წამოვიწყეთ ,მაშინ არაფერი მიჭირს, ტკივილი თანდათან იკლებს, სხვა შემთხვევაში კი მგუდავს. ყველაზე უარესად მაშინ ვარ, როდესაც უკვე სკოლის ეზოში შევდივარ. სკოლის თავისებური სუნი პირდაპირ ავად მხდის. წლები გადის და ადგილები იცვლება, მაგრამ სუნი იგივე რჩება – ცარცის და სხვადასხვანაირი, ძველი ბოტასის სუნი, რომელიც ყელში ჩამდის და გულს მირევს.
ჩემს მუცელში ტკივილის ბურთი დნობას ოთხი საათიდან იწყებს და საბოლოოდ ქრება, როდესაც სახლის კარს ხელახლა შევაღებ. ჩემი მშობლების სამსახურიდან დაბრუნების დროს, ტკივილი თავიდან წამოყოფს ხოლმე თავს. მით უმეტეს, სახლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ თუ არა, კითხვებით მიკლებენ იმის შესახებ, თუ როგორ გავატარე დღე, რა მოხდა ახალი და დღიურში ნიშნების გადასამოწმებლად ჩანთაში მიძვრებიან. თუმცა, ამ დროს ტკივილი იმდენად მძაფრი აღარაა და მოწოლილი ბურთიც ნაკლებად მძიმეა, რაც ალბათ იმით აიხსნება, რომ, ასე თუ ისე, მივეჩვიე ჩემს ოჯახურ კრიზისს.
არა, საბოლოოდ მაინც უნდა ვაღიარო, რომ წეღან ვიცრუე. არაფერსაც არ მივეჩვიე… ეს კრიზისი მეტისმეტად გაიწელა, ერთ ამბავს მეორე მიჰყვა და ძალიან ჩაიხლართა ყველაფერი. აღარ ვიცი, რა ვიღონო. ვეღარ ვუძლებ ამ სიტუაციას. საქმე იმაშია, რომ ჩემს მშობლებს ერთმანეთი აღარ უყვართ, მაგრამ ხალხში ამას არ აღიარებენ. სამაგიეროდ, სახლში არ აკლებენ ერთმანეთს ლანძღვა-გინებას. ყოველ საღამოს ,,კონცერტები“ აქვთ გამართული. ჰოდა, რადგანაც ჩხუბის წამოსაწყებად მიზეზია საჭირო, ხშირად საბაბად მე და ჩემს დამპალ ნიშნებს გვიყენებენ. ჩემი აზრით, ეს არის ორივეს ყველაზე დიდი შეცდომა. დედა, როგორც წესი, მამას საყვედურობს, რომ მას არასოდეს აქვს დრო საკუთარი შვილის მისახედად. მამა კი, თავის მხრივ, პასუხობს, რომ დედის მოვალეობა ბავშვის აღზრდაა და არა – მისი გატუტუცება.
როგორ მომბეზრდა, ღმერთო, როგორ მომბეზრდა…
ვერც კი წარმოიდგენთ, ეს ყველაფერი როგორ ამომივიდა ყელში.
ასეთი შემთხვევებისთვის ერთი ხერხი მაქვს – ყურებს ვიხშობ და ყურადღება მთლიანად ჩემს მაშინდელ საქმიანობაზე გადამაქვს. მაგალითად, ჩემი „ლეგო სისტემით“ კოსმოსურ ხომალდს ვაგებ, ანაკინ სკაიუოკერისთვის. ან მეკანოთი ვაწყობ აპარატს, რომლითაც კბილის პასტის ტუბის დაპრესვა იქნება შესაძლებელი, ან პატარა ხის ფიცრებით გიგანტურ პირამიდას ვაგებ. ამასობაში, საშინაო დავალებების შესრულების დრო მოდის და ჩემი ტანჯვა-წამებაც თავიდან იწყება. თუ დედა დამიჯდება დასახმარებლად, ბოლოს აუცილებლად ტირილით ამთავრებს, ხოლო თუ მამა – მაშინ უეჭველად მე ვტირი.
არ მინდა, ამ მონათხრობიდან ჩემს მშობლებზე ცუდი შთაბეჭდილება დაგრჩეთ, ან იფიქროთ, რომ ცუდად მექცევიან. არა, არა! პირიქით, ძალიან მაგრები არიან, ჰო, მაგრები… მშობლები მართლა ნორმალურები მყავს, რას ამბობ! უბრალოდ, ყველაფერი სკოლის ბრალია, ის აფუჭებს საქმეს. სხვათა შორის, სწორედ ამ კრიზისის და დაძაბული საღამოების თავიდან ასაცილებლად, კარგი გამოსავალი ვიპოვე და ეს ბოლო წელია, ჩემს უბის წიგნაკში დავალებების მხოლოდ ნახევარს ვინიშნავ. ეს, მართლაც რომ, ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილება იყო ჩემი მხრიდან, მაგრამ ამის თქმა ვერაფრით გავბედე კოლეჯის დირექტორისათვის, როდესაც მის კაბინეტში აღმოვჩნდი ცრემლით სავსე თვალებით. აი, ასეთი სულელი ვარ!
ისე, კარგი ვქენი, რომ გავჩუმდი. ეს გასიებული ინდაური გამიგებდა, თუ რა?! ვერაფერსაც ვერ გამიგებდა. ამიტომაც გამრიცხა სკოლიდან მომდევნო თვეში.
სპორტის გაკვეთილის გამო გამომაგდო.
უნდა ვაღიარო, რომ სპორტსაც თითქმის ისევე ვერ ვიტან, როგორც სკოლას. ზუსტად ვიცი, თქვენ უფრო გამიგებთ და მიხვდებით, რომ მე და სავარჯიშო ხალიჩა ერთმანეთისთვის არ ვართ შექმნილები. მე არც მაღალი ვარ, არც მოსული და არც ძლიერი. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, დაბალი ვარ, უღონო და გაწრიპული.
ზოგჯერ, წამომივლის, სარკის წინ ვდგები, დოინჯს შემოვირტყამ და კუნთებს ვძაბავ. ცოტა უცნაური სანახავი კი ვარ, კაცს ეგონება, ჭიაყელა ბოდიბილდინგში ვარჯიშობს, ან ტიპი ლეგიონერ ასტერიქსად გადაქცევას ლამობსო. ერთი შეხედვით, იქნებ მხარბეჭიანიც მოვჩვენებოდი ვინმეს, მაგრამ გამოვძვრები თუ არა სხვისი ტყავიდან, ხელში მხოლოდ და მხოლოდ ერთი ლაჩარი და ვაიგმირი შემრჩება ხოლმე. ყოველთვის ეს აზრები მომდის თავში, როდესაც სარკეში ჩემს ანარეკლს ვხედავ.
დიახ, ვაღიარებ, რომ ამ ცხოვრებაში ბევრ რამეს თავს ვერ ვართმევ, კი ბატონო. მაგრამ, მე თუ მკითხავთ, რაღაცეებზე თვალი თუ არ დახუჭე, საერთოდ მოგეღება ბოლო და გაბანძდები. იგივე ლოგიკის მიხედვით, შარშან ყველაზე უსარგებლო საგანზე, – სპორტის გაკვეთილზე ,,დავხუჭე თვალი“. რაკი ყველაფრის მოყოლა გადავწყვიტე, ისიც უნდა დავწერო, რომ ერთხელ მაგარი სასაცილო ამბავი გადამხდა თავს. საქმე იმაშია, რომ ცხოვრებაში არ მიცინია ისე გულით და არ მიხარხარია ისე გიჟურად, როგორც იმ დღეს, მადამ ბერლურონის გაკვეთილზე, სპორტულ დარბაზში.
ყველაფერი კი ასე დაიწყო.
– გრეგუარ დიუბოსკი, – წარმოთქვა მან, ისე რომ ცხვირი არ ამოუყვია საკლასო ჟურნალიდან.
– ვარ!
ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სადაცაა, კუჭი ამეშლებოდა და ყველას წინაშე თავი მომეჭრებოდა. ერთი სული მქონდა, როდის დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. წინ ნაბიჯი გადავდგი თუ არა, ყურში მაშინვე ბავშვების ქირქილი ჩამესმა.
ამჯერად ისინი ჩემს უცოდინრობაზე კი არა, სიარულის მანერაზე იცინოდნენ. იმ დღეს სპორტული ფორმა სახლში დამრჩა, თან ამ სემესტრში მესამედ და ტანსაცმელი ბენჟამენის ძმისგან ვითხოვე, რომ არ დავსჯილიყავი და გაკვეთილების შემდეგ არ დავეტოვებინე (წელს უკვე იმდენჯერ ვარ ამ მეთოდით დასჯილი, ზოგი მთელი ცხოვრების მანძილზე რომ ვერ ასწრებს). სამწუხაროდ, ბენჟამენის ძმა მწვანე გიგანტის, ჰალკის კლონი აღმოჩნდა და მისი სიმაღლე ერთი მეტრი და ოთხმოცდაათი სანტიმეტრი იყო.
ძნელი წარმოსადგენი არაა, როგორ ვცურავდი ამ XXL ზომის ტანსაცმელსა და 45 ზომის სპორტულ ფეხსაცმელში, რომელიც ნამდვილად არ მიჭერდა. აშკარად წარუმატებელი იდეა იყო…
– ეს რა ჯანდაბა ჩაგიცვამს?-,,დედაშვილური მზრუნველობა’’ ჩანდა მადამ ბერლურონის ღრიალში.
მე თავი მოვისულელე და ვუთხარი:
– ჰო, არც მე მესმის, მასწ, არადა, წინა კვირას კარგად მქონდა… ვერაფერი გავიგე…
ბრაზისგან ლამის გასკდა:
– ფეხები მიადგით და წინ ორჯერ გადატრიალდით.
პირველი ყირა კატასტროფულად ცუდად გამომივიდა და ცალი ფეხსაცმელიც გამძვრა. გავიგონე, როგორ დამცინეს კლასელებმა და მათი გულის გასახარად, მეორე ფეხსაცმელიც მოვიშორე. პირდაპირ ჭერში ვისროლე.
წამოდგომისას, ტრუსი თითქმის გამომიჩნდა, რადგან შარვალი ნახევრად ჩამძვრალი მქონდა. მადამ ბერლურონი გაცეცხლებული იყო, ბავშვები კი სიცილით იხოცებოდნენ. ამჯერად ეს არ იყო ბოროტი სიცილი, ეს იყო ისეთი გულიანი ხარხარი, როგორიც მხოლოდ ცირკში შეიძლება წაგსკდეს. ჰოდა, მეც გადავწყვიტე, რომ ამ სპორტული დარბაზის კლოუნი გავმხდარიყავი – მადამ ბერლურონის პირადი მასხარა. როდესაც სხვებს აცინებ, გული შენც გითბება და ნარკომანივით გიჩნდება მოთხოვნილება, კიდევ უფრო მეტჯერ და მეტჯერ გააცინო.
მადამ ბერლურონმა უკვე იმდენჯერ დამსაჯა, რომ ჩემს დღიურში თავისუფალი ფურცელი აღარ დარჩა. საბოლოოდ, იმდღევანდელი ამბის გამო, სკოლიდანაც გამომაგდეს, მაგრამ ამას საერთოდ არ ვნანობ. ამის წყალობით, სკოლაში ყოფნის პერიოდში პირველად ვიგრძენი თავი გამოსადეგად.
Filed under: აპეტაიზერი Tagged: 35 კილო იმედი, ანა გავალდა, აპეტაიზერი, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", ეკა ტაბლიაშვილი, ირაკლი ბაკურიძე, მარი კორინთელი, მარიამ გიგუაშვილი, სოფია ბარშოვა, ქართული თარგმანი
