ფეხბურთზე, მოგეხსენებათ, ათასში ერთხელ ვწერ. როგორც წესი, მსოფლიო თასის ან ევროს წინ, როცა მკითხველს ჩემი ვადამდელი არდადეგების მიზეზს ვუხსნი. სხვა თემატიკა მირჩევნია და იმიტომ. დღესაც მორიგ წიგნზე ვაპირებდი მოყოლას, მაგრამ Offtopic-ის ისეთი მიზეზი მაქვს, ვერაფრით გამოვტოვებ. ეგეც არ იყოს, საუკუნეა, მოქალაქე ბლუმს გაბრაზებული პოსტი არ გამოუქვეყნებია.
სათაურიდანვე მიხვდებოდით, საქართველო-გერმანიაზე უნდა ვილაპარაკო.
უშუალოდ თამაშზე რა გითხრათ – საფეხბურთო ანალიტიკას ჩემზე უკეთაც დაწერენ. ერთს ვიტყვი მხოლოდ: “ღირსეული წაგება” მთლად გამართული ტერმინი არ მგონია. მოედანზე ყველაზე ლამაზი (და მნიშვნელოვანიც), მოგეხსენებათ, ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიშია. ჰოდა, წავაგეთ. მშრალი ანგარიშით. შინ. გასაგებია, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებთან წავაგეთ, ბოლო მოდელის “მერსედესივით” აწყობილ გუნდთან, მაგრამ წავაგეთ. ჰოდა, რაც უფრო მალე დავივიწყებთ “ღირსეულ წაგებას” და “ესპანეთთან ნულით ნულს ვიგებთ”-ს, მით უფრო მალე მოვა ნამდვილი გამარჯვებაც და იქნებ ნამდვილი ფეხბურთიც ვითამაშოთ.
ახლა არასაფეხბურთო ამბებსაც გავკრათ კბილი. ეს ხომ ჩვენი თანთია – მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონებთან ჩატარებული მატჩის შემდეგ, სპორტულ პერიპეტიებზე მეტად, იმ ბავშვის ამბავს ვარჩევთ, შვაინშტაიგერს რომ მიეჭრა და დაუჩოქა (სინამდვილეში არ დაუჩოქია, მაგრამ ასე უფრო ბრუტალურად ჟღერს და სრულიად ჯინეტის წამოკიდებაც ადვილია).
არ მგონია, ახალაღმოჩენილ ამერიკაზე ვყვებოდე, მაგრამ თურმე საჭირო ყოფილა – ჩემო ძვირფასო აღშფოთებულებო, დარწმუნებული ვარ, ფანობის და ფანების ამბავი გაგიგიათ. ისიც გეცოდინებათ, რომ ფანები ზოგჯერ ისეთ რამეს აკეთებენ, ინდიფერენტულად განწყობილ ადამიანს, ან სულაც განსხვავებული ტემპერამენტის გულშემატკივარს აზრადაც რომ არ მოუვა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე კიდევ უფრო მარტივადაა; რიტუალია ერთგვარი – ფეხბურთელის მთავარი იარაღი ფეხებია, ის ბიჭიც გერმანელს ბუცებზე შეეხო პატივისცემის ნიშნად. ეს იყო და ეს.
სიმართლე გითხრათ, თავი ფანად არასოდეს ჩამითვლია. საყვარელი სპორტსმენებიც მყავს, გუნდებიც, მწერლებიც, მუსიკოსებიც, მომღერლებიც, მხატვრებიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ბლოგერებიც, მაგრამ მშვიდად მიყვარს, აჟიტირების გარეშე. სხვაგვარად არ მეხერხება და იმიტომ. თუმცა, ამ საქვეყნო ისტერიის ფონზე დავფიქრდი და, ასტრიდ ლინდგრენი რომ გაცოცხლდეს და თბილისში ჩამოვიდეს, ხელებსაც დავუკოცნიდი, ფეხებსაც, დავუჩოქებდი კიდეც და მადლობასაც გადავუხდიდი, მთელი მსოფლიოს ბავშვების სახელით თუ ვერა, საკუთარი სახელით მაინც.
იმ ბიჭმა, საქმე საქმეზე თუ მიდგა, სხვა რამ დააშავა და, თუ გინდათ, გეტყვით, რაც. სტადიონზე მედია-მოხალისედ იყო, ინსტრუქტაჟსაც ჩაუტარებდნენ და იმასაც ეტყოდნენ, რომ მოედანზე გადასვლა და ფეხბურთელებთან კონტაქტი კატეგორიულად იკრძალება. მოკლედ, თუ მაინცდამაინც საქვეყნოდ გასარჩევია (რის აუცილებლობასაც, მომკალით და ვერ ვხედავ), პროფესიონალიზმზეა სალაპარაკო და არა ზნეობაზე, მორალზე, კაცობასა და გაგებაზე. პროფესიონალიზმის ამბები, კიდევ, თხუთმეტი წლის თინეიჯერებს კი არა, ორდიპლომიან ხალხსაც ეშლება.
ოღონდ წესების დარღვევა და კეთილსინდისიერება ფბ-ზე მხოლოდ რამდენიმე კაცმა ახსენა. სამაგიეროდ, იყო ბევრი გინება, ლანძღვა, “ქართლის ცხოვრებაში” აღწერილ არც ერთ საფეხბურთო მატჩში მსგავსი არაფერი მომხდარა” და “ფეხბურთს დავით აღმაშენებელიც უყურებდა, მაგრამ შვაინშტაიგერს მუხლებში ერთხელაც არ ჩავარდნია” ტიპის არგუმენტები, ქართველი ვაჟკაცი რომ მხოლოდ დედას უჩოქებს (და იქვე, მეტი დამაჯერებლობისთვის – მამაპაპური თოთხმეტსართულიანი), ჰიტლერის და სტალინის სურათების ფრიალი, რაიხსტაგის, ქანთარიას და ბერლინამდე ჩასული დიდი ბაბუების ხშირი ხსენება, ისევ მშობლიური, მამაპაპური თოთხმეტსართულიანები და თავში ხელის წაშენა, რომ აი, ასე დავკარგეთ ქართველობა.
ლემანის ვოლზე შევარდნა, აქაოდა, ჩვენი ქალაქის ხედი არ მოეწონაო, ცალკე ამბავია. თუ ვინმე დამარწმუნებს, რომ, ყოვლად უმნიშვნელო მიზეზის გამო, მავანი გერმანელის პირადი სივრცის ბილწზე ბილწი ქართული გინებით აჭრელება ძლიერი, კმაყოფილი, თვითკმარი, რეალიზებული ადამიანების ჩვევაა, საქვეყნოდ მოვიხდი ბოდიშს.
კვირას, იმ ბედნავსი თამაშის ბოლოს ვიღაცები კიდევ შეიჭრნენ მოედანზე, თუმცა ამათ ნაკლებად ახსენებენ აღშფოთებულები. გერმანელებისთვის არ “დაუჩოქიათ” და, ალბათ, იმიტომ.
ესეც ფანობაა და, გადასარევი საქციელიაო, ვერც ამაზე ვიტყვი. სულ სხვა მიზეზით, რა თქმა უნდა. ჩვენი სტადიონის დაცვა, ერთი ჩემი ფბ-ფრენდის არ იყოს, მგელობანას მსოფლიოში ყველაზე ცუდად თამაშობს და სტიუარტები, უშუალო მოვალეობების შესრულების ნაცვლად, ფეხბურთს უყურებენ. ჰოდა, სუპერთასს რომ ველოდებით და “ბარსელონა”-“სევილიას” ნახვა რომ გვინდა თბილისში, ევროპაში გულშემატკივართა მინდორზე სირბილს და მსგავსი რაღაცებს მაინცდამაინც არ მიესალმებიან. არ მგონია, კინკილა გულშემატკივარს გადაგვაყოლონ, მაგრამ მიზეზს თუ გამოეკიდნენ, თავში რაღაც გადაუტრიალდათ და სუპერთასი წაგვართვეს, უეფას ფეიჯზე შევარდნა და გინების კორიანტელი მერე ნახეთ.
P.S. სანამ ცალი ხელით მოზღვავებულ საქმეს ვუმკლავდებოდი, ცალით კი ამ პოსტს ვწერდი, სოციალურ ქსელებში იმ თინეიჯერი ფანის ბოდიში გავრცელებულა. ჩვენი დროის ციციკორეები, ალბათ, გულზე მჯიღს იბრაგუნებენ კმაყოფილებისგან და ამაღამაც ტკბილად დაეძინებათ, ვალმოხდილებს.
Filed under: მოქალაქე ბლუმი Tagged: ბასტიან შვაინშტაიგერი, გერმანიის ნაკრები, გულშემატკივარი, იენს ლემანი, მორალიზმი, მოქალაქე ბლუმი, საქართველოს ნაკრები, ფეხბურთი, ციციკორე
