მახსოვს, როგორ მიხაროდა, მშობლებს რომელიმე უცხო ოჯახში რომ მივყავდი სტუმრად – როგორც კი მისალმებისა და რევერანსების ცერემონიალი ჩათავდებოდა და უფროსებს ჩემი იქ ყოფნა დაავიწყდებოდათ, დროს ვიხელთებდი და წიგნის თაროებთან ავიტუზებოდი ხოლმე. უნდა გენახათ ჩემი იმედგაცრუება, ახალს თუ ვერაფერს ვიპოვიდი… არადა, საჩემო წიგნი კატასტროფულად ცოტა იყო – სადაც არ უნდა მივსულიყავი, თითქმის ყველგან ათჯერ წაკითხულ-გადაკითხული გამოცემები ელაგა. სამამულო ლიტერატურა საბავშვო და მოზარდებისთვის განკუთვნილი ნაწარმოებების სიმრავლით ვერ დაიკვეხნიდა, ახალი თარგმანები ხომ სანთლით იყო საძებარი.
ჰოდა, რამდენიმე ხნის წინ პალიტრა L-ის მორიგი წამოწყების შესახებ რომ შევიტყვე, თან გამიხარდა, თან შემშურდა – უცებ წარმოვიდგინე, წლების წინ ჩემი სურვილითა და გემოვნებით ახალთახალი წიგნების შერჩევა რომ შემძლებოდა, რა ბედნიერი ვიქნებოდი. ამათ კიდევ, არც აციეს, არც აცხელეს, Liberteens შექმნეს, ყველაზე მაგარი პროექტი, რაც კი ბოლო ხანს მოზარდებისთვის მოუგონიათ.
დარწმუნებული ვარ, ამ პროექტის ამბავი მრავალ თქვენგანს გაუგონია, მაგრამ ორიოდე სიტყვით მაინც მოგიყვებით – Liberteens კითხვის მოყვარული თინეიჯერების ჯგუფია, რომელიც უცხოური ლიტერატურიდან მათთვის ყველაზე საინტერესო წიგნებს არჩევს; მერე “პალიტრა L” თარგმნის და… ალბათ, ის აურზაურიც გექნებათ ნანახი, სპეციალური ფასდაკლების აქციაზე რომ ატყდება ხოლმე – ახალი ბიბლიოსასუსნავის ხელში ჩასაგდებად რიგში ჩამდგარ მოზარდებს რომ გადაავლებ თვალს, მოდი და ნუ გაგიხარდება. ან ცოტა მაინც ნუ შეგშურდება. ჩემსავით.
ჯერჯერობით სულ ორი წიგნია გამოსული, მაგრამ ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ ორივე უკვე შინ მიწყვია და წაკითხვაც მოვასწარი – ხანდახან გრიპის ვირუსი არც ისეთი ცუდია, როგორიც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ.
ქართველი თინეიჯერების პირველი რჩეული ჯეიმზ დაშნერის “ლაბირინთში მორბენალია“ – მსოფლიო ბესთსელერი, უცნაურ ადგილას გამომწყვდეული მოზარდების შესახებ რომ გვიამბობს. ადგილს კორდი ჰქვია და გარს იდუმალებით მოცული ლაბირინთი აკრავს, სადაც შემზარავი ურჩხულები – გრივერები დაძრწიან საკბილოს მოლოდინში.
ვინ არის ბიჭი, რომელსაც საკუთარი წარსულიდან სახელის მეტი არაფერი ახსოვს? ან ის გოგო ვინღაა, კორდში დასასრულის ასამოქმედებლად რომ შეგზავნეს შემქმნელებმა? დააღწევენ ბავშვები თავს ლაბირინთს თუ ყველა მათგანი გრივერებთან ბრძოლაში დაიღუპება? ამ კითხვების პასუხი წიგნის ბოლო გვერდებზე იმალება და უკლებლივ ყველა მკითხველი დაშნერის ლაბირინთის ისეთივე ტყვე ხდება, როგორებიც პერსონაჟები არიან – სანამ უკანასკნელ წინადადებას არ ჩაიკითხავს, წიგნის გვერდზე გადადება აზრადაც არ მოუვა.
სერიის მეორე ნომერი გეილ ფორმანის “თუ დავრჩები“ აღმოჩნდა, ემოციური, სითბოთი, სიყვარულითა და ტკივილით გაჟღენთილი წიგნი. აქ მია ცხოვრობს, კლასიკური მუსიკით გატაცებული გოგონა, ვიოლონჩელოზე უკრავს, ჰყავს საოცარი მშობლები, უმცროსი ძმა ტედი და ამქვენად საუკეთესო ბიჭს ადამს უყვარს. მოკლედ, მასავით ბედნიერი გოგო ამქვეყნად მეორე არ დადის, სანამ ერთ დილას მთელი ოჯახი საბედისწერო ავარიაში არ მოჰყვება და მია რთული არჩევანის წინაშე არ აღმოჩნდება – იმქვეყნად გაჰყვეს თავისიანებს თუ დარჩეს ამ დაცარიელებულ სამყაროში, დარდისგან განადგურებულ ადამთან, და მასთან ერთად გადაიტანოს თავს დატეხილი უბედურება.
სულ რაღაც ერთ კვირაში “პალიტრა L” მესამე წიგნსაც გვპირდება – 14 მარტს ქუთაისში ჰოლი სმეილის “გიკი გოგოს” პრეზენტაციაა დაგეგმილი და ჩვენი თინეიჯერები, ეჭვი მაქვს, წინასწარ იფშვნეტენ ხელებს მორიგი გემრიელი ლუკმის მოლოდინში.
სხვათა შორის, მეც. მერე რა, თუ 19 წელს კარგა ხანია გადავაბიჯე, დიდი ამბავი.
Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: გეილ ფორმანი, გიკი გოგო, თუ დავრჩები, ლაბირინთში მორბენალი, ლევან ინასარიძე, მოლის ბიბლიოთეკა, ნათია ჩუბინიძე, ნინო შეყილაძე, პალიტრა L, პროზა, ქართული თარგმანი, ჯეიმზ დაშნერი, ჰოლი სმეილი, LIberteens
