ჩემს ბიბლიოთეკაში, ახალთახალი გამოცემებით სავსე თაროებს შორის, ერთი გამორჩეულია, გახუნებული, გაცრეცილი წიგნებით სავსე.
რაღა თქმა უნდა, რომ ყველაზე მეტად ის ძველი თარო მიყვარს.
ბავშვობის განუმეორებელ მოგონებებს ინახავს და იმიტომ. რომელ წიგნსაც გინდა, წაატანე ხელი, – გადაშლი და ფერდაკარგული ფურცლებიდან ათასი ტკბილი წუთი ამოფრინდება.
დღეს ერთი წიგნის ამბავს მოგიყვებით.
თავის დროზე საბავშვო ლექსების დიდი მკითხველი და ქომაგი გახლდით. ქართულის, რუსულის, ალაგ-ალაგ ინგლისურისაც. მშობლებს ჩამოტანა არ ეზარებოდათ და მე – კითხვა. ჰოდა, იმ ფერად-ფერადი საკითხავებიდან რამდენიმე დღემდე შემომრჩა. მათ შორის – ბათუმში, შაუმიანის ქუჩაზე, ციცქნა წიგნის მაღაზიაში ნაყიდი მურმან ლებანიძის “ლიხს იქით და ლიხს აქეთ საქართველო გიყვარდეთ”.
არ ვიცი, გახსოვთ თუ არა. მეგობრებს ვკითხე და – რას ჰქვია, არ გვახსოვს, ახლაც თაროზე გვიდევსო. ალბათ, არ იყო ბიბლიოგრაფიული იშვიათობა; რაკი კარგი წიგნების ტოტალური დეფიციტის ჟამს ბათუმამდე ჩამოაღწია, თბილისშიც იოლად მოიძიებდა დაინტერესებული მკითხველი.
ლექსები იყო გადასარევი, თან ენამოჩლექილი კი არა, – აი, ისეთი, ავტორი თანატოლივით რომ გელაპარაკება პატარა მკითხველს. და ოთხიც – გალექსილი ზღაპარი: “ნახევარქათამა”, “ნაცარქექია”, “დედაბრის ქისა” და “წიქარა”. რაც მე “წიქარამ” მაზლუქუნა…
ის ლექსები და ზღაპრები ახლაც ზეპირად მახსოვს.
არ გეგონოთ, მხოლოდ ლექსების გამო. კიდევ ერთი საცდური და ხიბლი მოსდევდა – მოხატული იყო საოცრად. საბავშვო წიგნის კოხტა ილუსტრაცია, წესით, არ უნდა გამკვირვებოდა, მაგრამ ეს განსაკუთრებული იყო. ფერადი გრაფიკა. მეტყველი, ცოცხალი ნახატები. სულ რომ არ გცოდნოდა კითხვა, ესეც კი შეგაყვარებდა ამ წიგნს.
შრიფტიც კი ისეთი ჰქონდა, ხელნაწერი გეგონებოდა. ისიც ფერადი იყო, რაღაცნაირად თბილი და გემრიელი.
ვკითხულობდი და ვათვალიერებდი. ვათვალიერებდი და ვკითხულობდი. არც ერთი მომწყენია და არც მეორე.
მხატვარს, ცხადია, არ დავკვირვებივარ. იმ დროს მხატვრის, მთარგმნელის, რედაქტორის ვინაობას ყურადღებას არ ვაქცევდი; ერთადერთი, “ნაკადულის” ლოგოს ვცნობდი, პაწაწინა ბიჭს და წიქარას და ვიცოდი – რასაც “ნაკადული” ეწერა, საჩემო იყო და აუცილებლად მომეწონებოდა.
მერე, დიდი ხნის მერე დავხედე გარეკანს. თენგიზ მირზაშვილის მოხატული ყოფილა. ჩუბჩიკასი.
არადა, ვიღაც მიმტკიცებდა ამას წინათ, გაფორმებას რა ჭკუა აქვს, მთავარია, შიგ რა წერიაო.
აი, თუ არ აქვს.
Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ბათუმი, გრაფიკა, დიზაინი, თენგიზ მირზაშვილი, ილუსტრაცია, მოლის ბიბლიოთეკა, მურმან ლებანიძე, პოეზია, საბავშვო ლექსები, ქართული პოეზია, ჩუბჩიკა, ძველი თარო, წიგნის დიზაინი
