არიან მწერლები, მკითხველის მეხსიერებაში ერთი ნაწარმოებით რომ ტოვებენ კვალს. დაწერენ რამეს, უცებ საქვეყნოდ რომ გაუვარდება სახელი, თვალის დახამხამებაში რომ მოიხვეჭს დიდებას, ავტორის დანარჩენი ქმნილებები კი რჩებიან მის ჩრდილში საცოდავად მიყუჟულები და ელიან, იქნებ ვინმე ღვთისნიერს მათი არსებობაც გაახსენდეს და მზის სინათლეზე გამოიტანოს, სული შეუბეროს და მტვერი გადაფერთხოს. ასე დაემართა იმ წიგნსაც, რომელზეც ახლა უნდა გიამბოთ.
მორის დრიუონი, დარწმუნებული ვარ, უმრავლესობისთვის კარგად ცნობილი ფრანგი მწერალია. საქმეში უფრო ჩახედულები, ალბათ, საფრანგეთის აკადემიის წევრობასაც გაიხსენებენ, კულტურის მინისტრის პოსტზე მოღვაწეობასაც და საპატიო ლეგიონის ორდენსაც, თუმცა უპირველესად ისტორიული საგა “დაწყევლილი მეფეები“ მოაგონდებათ.
მაგრამ სიტყვაც არავის დასცდება წიგნზე, რომელსაც “მწვანეთითება ტისტუ“ ჰქვია. არც იმ ოქროსთმიან ბიჭზე იტყვიან რამეს, ქვემეხთქალაქში რომ ცხოვრობს, ელვარე სასახლეში, დედა-ბატონსა და მამა-ბატონთან ერთად, სპილენძის გაპრიალებულ სახურავებზე რომ დასრიალებს და ცხენებზე გიჟდება, განსაკუთრებით კი -პონი მოვარჯიშეზე.
უბრალო ვინმე არ გეგონოთ ჩვენი ტისტუ – იმპერიის ერთადერთი მემკვიდრეა, იმ იმპერიისა, ჯერ კიდევ ბაბუამისმა რომ ჩაუყარა საფუძველი. თუმცა სკოლის მასწავლებლებისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა – აქაოდა, სხვებს არ ჰგავხარო, უბოდიშოდ გამოისტუმრეს შინ.
ზოგი ჭირი მარგებელიაო, ისე დაემართა ტისტუს – სკოლაში რომ დაეტოვებინათ, ვინ მიაბარებდა შეგირდად ულვაშა მებაღეს? არავინ და ვერც ვერასდროს გაიგებდნენ, რომ ბიჭს ჩვეულებრივი კი არა, მწვანე თითები ჰქონდა.
ეგ რაღააო, იკითხავთ. ჰოდა, ამ კითხვაზეც დრიუონის პატარა წიგნი გიპასუხებთ. ქვემეხების ლულაში ამოსული ყვავილების საიდუმლოსაც შეიტყობთ იმ წიგნიდან, წალკოტად ქცეული დილეგის ამბავსაც და ბოროტების დამარცხების უჩვეულო რეცეპტსაც.
ზღაპარი ყოფილაო, მხრებს აიჩეჩავს მავანი. ვერც შეედავები – მართლა ზღაპარია, მაგრამ ისეთი, ბავშვებისთვის წაკითხვა რომ გაგიჭირდებათ და ახსნა – კიდევ უფრო მეტად. ამიტომ ჯერ უფროსები უნდა ჩაუსხდეთ და თუ რამდენჯერმე მაინც არ მოგადგათ ცრემლი, ცუდად ყოფილა თქვენი საქმე.
Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", დაწყევლილი მეფეები, ეკა ტაბლიაშვილი, მარიამ კორინთელი, მოლის ბიბლიოთეკა, მორის დრიუონი, მწვანეთითება ტისტუ, პროზა, ქართული თარგმანი, ცისანა ბიბილეიშვილი, Tistou les pouces verts
