Quantcast
Channel: Molly Bloom's Day™
Viewing all articles
Browse latest Browse all 304

ჰარპერ ლი –სიკეთის დესპანი

$
0
0

კარგად მახსოვს, როდის წავიკითხე ეს წიგნი პირველად – გაგანია ზამთარი იყო, ისეთი კი არა, ახლა რომ იცის თბილისში – უფერული და უთოვლო – ნამდვილი ზამთარი, მსხვილი ფანტელებით, ნაცრისფრად შებურული ცით, გადათეთრებული ნაძვებით და მოყინული ცხვირებით.

მაშინ ძალიან მიყვარდა ავად გახდომა – კითხვაში ხელს არაფერი მიშლიდა და იმიტომ. ვიწექი სიცხით გათანგული და მაინც კმაყოფილი, გარშემო ნაირ-ნაირი წიგნები მქონდა შემოწყობილი, ხან რომელს დავავლებდი ხელს, ხან – რომელს, ვაყოლებდი ცხელ, მურაბიან ჩაის და ვკითხულობდი და ვკითხულობდი დაუსრულებლად…

ჰოდა, ერთ მშვენიერ საღამოს, კბენია შარფით ყელშეფუთნილი და ცხვირგაწითლებული რომ ვიჯექი საწოლში, დედამ ახალი წიგნი მომიტანა. სიცხისგან აწითლებულ ლოყაზე მაკოცა, თმა მომიჩეჩა და მოგეწონებაო, მითხრა.

არ ვიცი, სადმე არსებობს თუ არა სია, სახელწოდებით – ყველაზე კეთილი წიგნები. აი, მოვჩხრეკ და თუ აქამდე არავის მოსვლია თავში აზრად, აუცილებლად დავწერ ასეთ პოსტს. დამერწმუნეთ, “ნუ მოკლავ ჯაფარას“ იქ პირველ ადგილზე იქნება. არა მგონია, ვინმე შემომედავოს – წიგნი, სადაც ჭყიტა, ჯემი, დილი, ატიკუსი და რედლი-ბუა ცხოვრობენ, ამას ნამდვილად იმსახურებს.

სიუჟეტის გარჩევას აქ არ მოვყვები; ან რა აზრი აქვს – ვერ წარმომიდგენია ადამიანი, მოლის ბლოგს რომ სტუმრობს და ჰარპერ ლი არ წაუკითხავს. მარტო იმის თქმა მინდა, როგორი მადლობელი ვარ ამ ქალის, ერთ მშვენიერ დილას თუ საღამოს მაგიდას რომ მიუჯდა და წერა დაიწყო. ალბათ, დიდხანს წერდა, შუბლშეჭმუხნილი ფიქრობდა, კალმის ბოლოსაც ღრღნიდა, შლიდა, ხევდა, ასწორებდა და ბოლოს ყველაზე თბილი, ყველაზე ნათელი წიგნი დაწერა, რაც კი აქამდე კაცობრიობას ღირსებია. ბოროტებასა და ძალადობაზეც ბევრი რამ გვიამბო, იმ სამარცხვინო რამეზეც, რასიზმი რომ ჰქვია და, რაც არ უნდა უცნაურად გვეჩვენოს, სიმძაფრე დღემდე არ დაუკარგავს… სამაგიეროდ, გაგვაცნო პრინციპული და სამართლიანი ატიკუსი, “ნაცადი ჩუბინი“; ისიც ძალიან მარტივად აგვიხსნა, რატომ არ უნდა მოვკლათ ჯაფარა – “ერთადერთი, რასაც ჯაფარა შვრება, ისაა, რომ მღერის და გვართობს… ცუდს არაფერს სჩადის და ადამიანს არაფერს უშავებს.“

ჰო, კიდევ ჯემი და დილი დაგვიმეგობრა, ბრაზიანი, მაგრამ კეთილი კელპურნია, ყასიდად რომ იმუქრება ხოლმე – “თუ მისტერ ფინჩმა არ გაგალახათ, მე მაინც ვერ გადამირჩებით“-ო; და, რაც მთავარია, მწერალმა ჩაასახლა ამ წიგნში პატარა და სასაცილო ჭყიტა, დაგვანახა სამყარო მისი თვალით და გადო ხიდი, რომლის წყალობითაც ნებისმიერ დროს შეგვიძლია, დავბრუნდეთ ბავშვობაში და სულში ძალიან ბევრი სინათლე და სითბო შემოვუშვათ.

ბევრი როდია ამქვეყნად ასეთი წიგნი და ყველას სათითაოდ უნდა გავუფრთხილდეთ, მარცვალ-მარცვალ უნდა ვაგროვოთ მათში დაბუდებული სიკეთე, გული ავივსოთ და სხვებსაც გავუნაწილოთ.

დამიჯერეთ, ჩვენც უკეთესები გავხდებით და სამყაროც.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ატიკუს ფინჩი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, დილი, ლელა დუმბაძე, მოლის ბიბლიოთეკა, მოლის საბავშვო ბიბლიოთეკა, ნუ მოკლავ ჯაფარას, პროზა, რასიზმი, რედლი-ბუა, რუსუდან გორგაძე, საბავშვო ბიბლიოთეკა, საბავშვო კლასიკა, საბავშვო ლიტერატურა, ქართული თარგმანი, ჭყიტა, ჯემი, ჰარპერ ლი

Viewing all articles
Browse latest Browse all 304

Trending Articles