“გაიღვიძე! ადექი! რა გითხარი! შენ ადგილას ჩათვლემას არც ვიფიქრებდი!“
შეფიქრიანდით? თავიდან მეც ასე დამემართა – ნეტავ, ვინაა ეს დამთხვეული, ან რ აღრიალებს, მძინარე ადამიანის ასე გაღვიძება ვის გაუგონია-მეთქი. თურმე, ნუ იტყვით და ერთ გოგოს ამგვარად მობილურზე ჩაწერილი საკუთარი ხმა აფხიზლებს.
ამისთანა განწირული ყვირილი რომ ჩაგძახებს ყურში, სხვა რა გზაა – ზღარბის ფორმის ლურჯი ფაჩუჩებით სამზარეულოში უნდა გაფრატუნდე ესპრესოს დიდი ულუფისთვის, იქნებ როგორმე გამოფხიზლდე ზამთრის ცივ და ქარიან დილას.
ეს უცნაური გოგო თავს ერკიულ პუაროს და ლიზბეთ სალანდერის გადამალულ ბავშვს უწოდებს, მართალია, ირონიულად, მაგრამ ხომ გაგიგონიათ – იმისთანა ხუმრობას რა ვუთხარი, სადაც სიმართლის მარცვალი არ ურევიაო.
ჰოდა, თუ კარგად დავაკვირდებით, ეს მარცვალი ზომაში მოზრდილ რიყის ქვას არ ჩამოუვარდება. ერთი ეგაა, ჩემზე რომ იყოს, ახალბედა დეტექტივის მამა აჩაჩულ-დაჩაჩული, მუხლებგადაყვლეფილი კალე ბლუმკვისტი უფრო მეგონებოდა, ვიდრე დინჯი და გამოწკეპილი ბელგიელი.
არადა, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი გოგოა – ლუმიკი ანდერსონი, შვედური წარმოშობის ფინელი, თეატრალური გიმნაზიის უფროსკლასელი, პირველი მოსწავლე ფიზიკასა და ფსიქოლოგიაში. რაღაცნაირი, უცხვირპირო ვინმეა – ცხოვრობს ციცქნა ბინაში, მშობლებისგან მოშორებით, კედელზე მუმინების კალენდარი აქვს გაკრული, ბუფეტში ყოველთვის მარტო სადილობს და არც გიმნაზიელთა გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობით იკლავს თავს.
მოკალათებულა ეს ჩვენი ლუმიკი გაცრეცილ სავარძელში, ცხელი ყავის ჭიქით ხელში და ახალ დღესთან შესახვედრად იკრეფს ძალებს. მართალია, ჯერ აზრზეც არ არის, მაგრამ ძალა და გამბედაობა ცოტა ხანში ზუსტადაც რომ ძალიან დასჭირდება. აბა, რას იფიქრებს, რომ სკოლის ფოტოლაბორატორიაში სისხლში ამოსვრილი ევროს კუპიურები ყრია, Coffee house-ში კი განუყრელი სამეული შემოსხდომია მაგიდას და აფორიაქებულები თათბირობენ: გიმნაზიის ულამაზესი გოგო ელისა, რექტორის ვაჟიშვილი ტუუკა და ბრიოლინით თმაგადაპრიალებული კასპერი.
ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იცის ლუმიკიმ: არც ის, რომ მოკლე ხანში, ელისას წითელი ქუდის წყალობით, საშინელ ხიფათში გაეხვევა და მხოლოდ საკუთარი სიმარჯვის წყალობით გადაურჩება სიკვდილს; არც ის, რომ საიდუმლო აგენტის ტყავში შეძვრომა მოუწევს, მანქანის საბარგულით მგზავრობა და იდუმალებით მოცული “თეთრი დათვის“ ბუნაგში შეღწევა, რჩეულთათვის განკუთვნილ წვეულებაზე.
არა, ლუმიკი ანდერსონი არც ისე ცუდაა აღზრდილი, რომ უცნობ ადამიანს დაუპატიჟებლად მიადგეს კარზე, მაგრამ რა ქნას, თუ კვალი პირდაპირ ამ დიდებული სასახლისკენ მიდის, სადაც ერთ დარბაზში უღრანი ტყეა, მეორეში – ზღვისქვეშა სამყარო, მესამეში კი – კოშმარების სამფლობელო?!
მოკლედ, ლაბირინთია ნამდვილი. იპოვის ნეტავ ლუმიკი უკან დასაბრუნებელ გზას, გამოაღწევს იქამდე, სადაც შეშინებული ელისა, ტუუკა და კასპერი ელოდებიან? ამას სალა სიმუკას “სისხლივით წითელი“ გვეტყვის და იმასაც დავადგენთ, რამდენად იმსახურებს ავტორი ჯილდოს “საუკეთესო ახალგაზრდული რომანებისა და ხელოვნების დარგში პერსპექტიული გარღვევისათვის“.
Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, დეტექტივი, დიმიტრი გოგოლაშვილი, ერკიულ პუარო, თანამედროვე ევროპული ლიტერატურა, კალე ბლუმკვისტი, ლიზბეთ სალანდერი, ლუმიკი ანდერსონი, მაკა სესკურია, მოლის ბიბლიოთეკა, პროზა, სალა სიმუკა, სისხლივით წითელი, ფინეთი, ქართული თარგმანი, შვედეთი
