Quantcast
Channel: Molly Bloom's Day™
Viewing all articles
Browse latest Browse all 304

ასე ტკბილად დამიბერდით!

$
0
0

tortsik

ეს პოსტი აქამდეც უნდა დამეწერა, მაგრამ, ხომ იცით, როგორც ხდება: აქეთ – წიგნის ფესტივალიო, იქით – დაბადების დღეოსუპერკლაუსსა და “გურულ დღიურებზე” რომ არ მომეყოლა, არაფრით გამოვიდოდა. ამას საშინაო საახალწლო აურზაურიც მიუმატეთ – უამრავი საქმე მქონდა სამზარეულოში… კარგი, ჰო, უმეტესად მაცივართან ვიყავი ატუზული და საქირქილოს აქ ვერაფერს ვხედავ! მოკლედ, როგორც იქნა, ამოვისუნთქე, მივიხედე, მოვიხედე და აღმოვაჩინე, რომ მკითხველისთვის ახალი წელი არ მიმილოცავს.

არა უშავს. ძველით ახალი წელი, აგერ, გუშინ აღვნიშნეთ, ყურები ახლაც მტკივა წუხანდელი ბათქაბუთქისგან. ჯერ ისევ სადღესასწაულო დროით ვცხოვრობთ, აქა-იქ სადღესასწაულო სასუსნავიც მოგვეძებნება, ასე რომ, არც ეს პოსტი იქნება მეტისმეტად დაგვიანებული.

ჰოდა, მობრძანდით, ატმის ტორტის ბოლო, გაგემრიელებულ ნაჭრებზე დამეწვიეთ. თქვენ მიირთვით, მე მოლის ახალ წლებზე მოგიყვებით.

თოვლის ბაბუასთან სტუმრად პირველად ექვსი თვისა ვიყავი, ღია მწვანე ფუმფულა კომბინიზონში ჩაფუთნილი. დედას ახლაც უკვირს, რას ვფიქრობდი, სად მიმყავდა ბავშვიო… იმ პირველი საახალწლო ზეიმიდან ბევრი რამ მახსოვს-მეთქი, ვერ მოგატყუებთ, მაგრამ სანიმუშოდ კარგად რომ ვიქცეოდი, თოვლის ბაბუას გასუსული და თვალებდაჭყეტილი რომ მივჩერებოდი და მას მერე საახალწლო ღონისძიება რომ არ გამომიტოვებია, ფაქტია. ჰკითხეთ ჩემებს, დაგიდასტურებენ.

ნაძვის ხე ყოველთვის გვედგა შინ, არც ვერცხლისფერი წვიმებით და ბრჭყვიალა სათამაშოებით მორთვა გვეზარებოდა (ალაგება ჭირდა, თორემ…) ყველაზე გემრიელად მაინც ხულოდან და ქობულეთიდან საგანგებოდ, საახალწლო ნობათად გამოგზავნილი მანდარინი მახსენდება. ყვითელზე ყვითელი და ტკბილზე ტკბილი მანდარინი ჩემთვის დღესაც ახალი წლის სიმბოლოა. სწორედ მანდარინი და არა გოზინაყი, რომელიც ამ დღესასწაულზეც დიდსულოვნად დავუთმე სტუმრად მოსულ მეგობარს – აბა, მე არ მიყვარს და…

საახალწლო ზეიმები ვახსენე და არ მახსოვს, რომელიმე წელს ექვსზე ნაკლები მოსაწვევი მოეტანოთ შინ. დედას სამსახურიო, მამას სამსახურიო, მასწავლებელთა სახლიო, ცირკიო, თოჯინების თეატრიო, ესაო, ისაო… მეც, არდადეგებზე სხვა რა საქმე მქონდა, მივდიოდი ამ ზეიმებზე საგანგებოდ გამოწყობილი, ვამბობდი ლექსებს (არ ვიცოდი თუ რა), უკან კი გაბღენძილი და საჩუქრებით დატვირთული ვბრუნდებოდი.

ცუდი დროც მახსოვს, სანთლების შუქზე გატარებული ახალი წლის ღამეც, ნავთქურაზე წვალებით გამომცხვარი ერთადერთი ნამცხვარი (ნამცხვარი თუ ერქვა საერთოდ) და ოთხმოცდათორმეტი წლის პირველი იანვარიც. პატარა აღარ მეთქმოდა, თოთხმეტის გახლდით და იმდენი მესმოდა, ჩვენს თავს საშინელება რომ ხდებოდა.

ასაკთან ერთად პრიოტეტებიც იცვლება, ახლა უფრო მშვიდი ახალი წლები მაქვს (კაცმა რომ თქვას, ყირაზე არც არასოდეს გადავსულვარ) და ყველაზე მეტად გემრიელად გამოძინების პერსპექტივა მეძვირფასება. ახალი წლის ღამეს, როგორც წესი, შინ ვატარებ, ტელევიზორთან, ფინჯანი ყავისა და რომელიმე განსაკუთრებით გემრიელი სასუსნავის თანხლებით და მერე მძინავს. დიდხანს და საგულდაგულოდ.

მოკლედ, ახალი წელი ჩემთვის შინაურული, მყუდრო, ფუმფულა და მშვიდი დღესასწაულია. ძველი ფილმებისა და მულტფილმების, “მოგვების ძღვენისა” და “კუჩხი ბედინერის”, ნაღებიანი ყავისა და სამნაირი ნამცხვრის, ბევრი ძილისა და ნეტარი უსაქმურობის დრო.

უკეთესობის მოლოდინისაც.

რაც არ უნდა ცუდად იყო, რაც არ უნდა მძიმე წელი გქონდეს, ბოლო დღეს ყველაფერს ივიწყებ და იმედი გაქვს, რომ აწი მაინც კარგად იქნები.

ჰოდა, ჩემო ძვირფასებო, რაკი გოზინაყი სულ მთლად შემისანსლეს, ახალ წელს და შობას ატმის ტორტით და ჩემი გურული ბებიის საყვარელი სიტყვებით მოგილოცავთ:

“ასე ტკბილად დამიბერდით!”


Filed under: მე - მოლი ბლუმი Tagged: ატმის ტორტი, ახალი წელი, თოვლის ბაბუა, მანდარინები, მოგვების ძღვენი, მოლი ბლუმი, ნამცხვარი, ნაძვის ხე, საახალწლო ზეიმი, საჩუქრები, ტელევიზორი, ყავა, შობა, ძველით ახალი წელი, ძილი

Viewing all articles
Browse latest Browse all 304

Trending Articles