კურტ ვონეგუტი ჩემი საყვარელი მწერალი არ არის.
ჰოდა, ძალიანაც კარგი.
ძალიან კარგი იმიტომ, რომ თუ მწერალი გიყვარს, მთლად ობიექტური და სამართლიანი ვერ ხარ, რაღაც-რაღაცებზე თვალს ხუჭავ, რაღაც-რაღაცებს გულმოდგინედ არიდებ თვალს.
აქ ყველაფერი სხვაგვარად არის. არა, დადარაჯებული და ჩაკირკიტებული არ გეგონოთ – როდის შეეშლება რამე, როდის რა არ გამოუვა ლაზათიანად-მეთქი, მაგრამ მიუკერძოებელი თვალით რომ ვკითხულობ, ფაქტია.
“სარწეველა ფისოსათვის“ სწორედ ასე წავიკითხე – დაგემოვნებით და ნელ-ნელა. ავტორსაც არ გავუწბილებივარ – დასაგემოვნებელი ბევრი რამ დამხვდა. უპირველეს ყოვლისა, თხრობის მისეული სტილი – სიკვდილ-სიცოცხლის თემაზე სრულიად არასერიოზულად, ნახევრად ხუმრობით ლაყბობა. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს მწერალი ძილ-ბურანში გელაპარაკებოდეს. ჯერ რაღაცას ლუღლუღებს გაურკვევლად – ბოკონონიზმიო, ფოომაო, ბოკო-მარუო… თავგზა აგებნევა კაცს. მერე, თითქოს ვიღაცამ წაუქიმუნჯა და შეაფხიზლაო, დალაგებულად იწყებს მოყოლას ატომური ბომბის მამაზე – დოქტორ ფელიქს ჰონიკერსა და მის შთამომავლებზე – ციცქნა ნიუტონზე, ახმახ ენჯელასა და, ცოტა არ იყოს, მოსულელო ფრანკლინზე. ცოტა ხანში ისევ ჩასთვლემს, ისევ აურ-დაურევს ერთმანეთში რაღაცებს აჯაფსანდალივით და თანდათან ხვდები, რომ ეს აბდაუბდა მოგწონს. მოგწონს ლაზღანდარობით მოყოლილი ისტორია მომაკვდინებელი ნივთიერების – ყინული-9-ის შესახებ, მოგწონს ბალანსირება აბსურდისა და რეალობის ზღვარზე; უკვე კარგად გესმის ავტორის სარკაზმი და აღარც პაციფისტური მოძახილი გჭრის ყურს, შიგადაშიგ რომ გაერევა ხოლმე საერთო კაკაფონიაში.
ამიტომაც მორჩილად მიჰყვები მთხრობელს, იონა რომ ჰქვია სახელად, სადღაც, ღვთისა და ხალხისგან მივიწყებულ, ყველასთვის ზედმეტ ბარგად მიჩნეულ კუნძულ სან-ლორენცოზე, ბოკონონის მოძღვრებაში იქექები, ყურს უგდებ მწერლის უთავბოლო ბურტყუნს და ნელ-ნელა ამოგაქვს მზის სინათლეზე სათქმელი – აი ასე, თამაშ-თამაშით მივალთ დასასრულამდე, სადაც სან-ლორენცოს ნაგლეჯზე რამდენიმე ადამიანთან ერთად დარჩენილი იონა გაჰყურებს ყინულის ოკეანეს და ორად ორ გამოსავალს ხედავს – თავის მოკვლას ან სიბერით სიკვდილს…
ვერაფერს იზამ – ეს ისაა… მოიცა, რა ჰქვიაო, როგორ ამბობს ბოკონონი? ჰო, გამახსენდა – ბედ-დიჰ-ცეჰ-რაჰ.
რაო, რას ნიშნავსო? თუ გგონიათ, გეტყვით, ოლოლო თქვენ! :ენის გამოყოფის სმაილი: წაიკითხავთ და თავად ნახავთ, რასაც ნიშნავს. მე თუ წავიკითხე და ცოტა დავრეტიანდი, ვითომ რაო? არც თქვენ გაწყენთ იმ მოთეთრო-მოცისფრო შხამის მცირე დოზა, და-ძმა ჰონიკერები პაწია თერმოსებით რომ დააპროწიალებენ.
დიახაც.
Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ამერიკელები, ამერიკული ლიტერატურა, ბიბლიო-სერიები, ბოკონონი, გია ჭუმბურიძე, დიოგენე, ზაზა ჭილაძე, თანამედროვე ამერიკული ლიტერატურა, ირმა ტაველიძე, კურტ ვონეგუტი, მოლის ბიბლიოთეკა, პროზა, სარწეველა ფისოსათვის, ფელიქს ჰონიკერი, ქართული თარგმანი, ყინული-9
