Quantcast
Channel: Molly Bloom's Day™
Viewing all articles
Browse latest Browse all 304

მოხუცების ადგილი აქ არ არის

$
0
0
კორმაკ მაკარტი. "მოხუცების ადგილი აქ არ არის" ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

კორმაკ მაკარტი.
“მოხუცების ადგილი აქ არ არის”
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

სულ იმას ვამტკიცებ, რაც არ უნდა კარგი ფილმი იყოს, წიგნთან ვერ მოვა–მეთქი; არ მიყვარს, რეჟისორი რომ წყვეტს ჩემ ნაცვლად, როგორი უნდა იყოს ესა თუ ის პერსონაჟი.

ერთი ეგაა, ზოგჯერ ისეთ კინოს გადაეყრები, გინდა, არ გინდა, იფიქრებ, წიგნი ამაზე უკეთესი ვერ იქნებაო; ჰოდა, მეც ასე ვთქვი, ძმები კოენების შედევრი რომ ვნახე – “მოხუცების ადგილი აქ არ არის“.

თუმცა, მოლი რის მოლი იქნებოდა, ფილმის პირველწყარო სულაკაურის ბიბლიოთეკაში ენახა და ან ხელიდან გაეშვა, ან ბლოგზე ჩაეტარებინა უბრად ეს ამბავი; არამცდაარამც! გამოვიდა თუ არა, შინ მივაცუნცულე, თუმცა ცნობისმოყვარე ცხვირის ჩასაყოფად მხოლოდ ამ უქმეებზე მოვიცალე. უნდა გითხრათ, რომ თუ რამე ვინანე – ამდენ ხანს რატომ არ მქონდა წაკითხული; წაკითხულს ვინ ჩივის, ავტორის შესახებაც არაფერი ვიცოდი; არადა არ ყოფილა ბატონი კორმაკ მაკარტი ხელწამოსაკრავი კაცი – პულიცერის პრემიაო, ჯეიმს ტეიტის ხსოვნის პრემიაო, მაკარტურის სტიპენდიაო, პროზა, დრამატურგია და მთელი ამბებიო.

დანარჩენი შემოქმედებისა რა მოგახსენოთ – ჯერ არაფერი ვიცი, მაგრამ “მოხუცების ადგილი აქ არ არის“ რომ მომეწონა, ეს უნდა ვთქვა.

პირველ რიგში, სასვენი ნიშნების ქაოტურობამ მომხიბლა და უდეფისო დიალოგებმა. განა იმიტომ, რომ ყველგან ასე უნდა იყოს – ამ წიგნს უხდება – აქ გამეფებულ ჯუნგლებს, მიმოფანტულ გვამებს, სისხლის მდინარეებს; უხდება ტეხასის მთებს და რიო-გრანდეს ხეობას; უხდება შერიფ ბელს, ძალმომრეობას და ბოროტებას პენსიაზე გასვლით რომ გაურბის, რადგან გრძნობს – წინააღმდეგობა ამაოა; უხდება ვიეტნამის ომის ვეტერანს – ლუელინ მოსს, საკუთარ თავს და ცდუნებას რომ ვერ გაუმკლავდა; უხდება ანტონ ჩიგურს – ცივსისხლიან მკვლელს – შესაშური სიმშვიდით რომ მიაბიჯებს მოკლულებით მოფენილ გზაზე; უხდება სამყაროს, სადაც სუსტების და უძლურების ადგილი მართლაც არაა – იმ სამყაროს, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელსაც თავგამოდებით, მთელი ძალით ვაფერადებთ ჩვენს წარმოსახვაში, რათა ოდნავ უკეთესად წარმოვიდგინოთ, ვიდრე სინამდვილეშია.

კორმაკ მაკარტი ფანქრებს არ გვაძლევს, არც გასაფერადებელ ფურცლებს; დაუნდობლად გვიტრიალებს ცხვირწინ რეალობას და არც იმას გვანებებს, თავი მივაბრუნოთ და მზერა ავარიდოთ იმას, რასაც წერს; წერს ჩვენთვის, შეულამაზებლად, სისასტიკენარევი პირადაპირობით, თუმცა ეს სისასტიკე ალაგ-ალაგ კარგად შენიღბული სიბრალულითაა გაჯერებული.

დაამთავრებ კითხვას და გიხარია, რომ ფანჯრის მიღმა ზამთარია, ყინვა და სიცივე, იმიტომ, რომ ორიოდე ყლუპი სუფთა, სუსხიანი ჰაერი შენს ფილტვებს უკვდავების წყაროსავით სჭირდება – სხვაგვარად გაიგუდები.

მე მიყვარს მართალი წიგნები.

შეულამაზებელი, მტკივნეული, გაურანდავი, აბურდულ–დაბურდული და მართალი.

ეს წიგნიც ასეთია.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ანა ჭაბაშვილი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ეკატერინე სუმბათაშვილი, კინობიბლიოთეკა, კორმაკ მაკარტი, მოლის ბიბლიოთეკა, მოხუცების ადგილი აქ არ არის, პროზა, პულიცერის პრემია, ქართული თარგმანი, ძმები კოენები

Viewing all articles
Browse latest Browse all 304

Trending Articles